აშშ

CNN: დონალდ ტრამპის პირად კამერდინერს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წევრს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი კამერდინერია, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, კამერდინერები ელიტარული სამხედრო დანაყოფის წევრები არიან. დანაყოფი თეთრ სახლს ეკუთვნის და მისი წევრები ხშირად ძალიან ახლოს არიან პრეზიდენტთან და მისი ოჯახის წევრებთან. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი გაბრაზდა, როდესაც კამერდინერის ტესტირების პასუხი გაიგო და მან კიდევ ერთხელ ჩაიტარა კორონავირუსზე გამოკვლევა. 

"ჩვენ ცოტა ხნის წინ მივიღეთ შეტყობინება თეთრი სახლის სამედიცინო დანაყოფის მიერ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წევრს, რომელიც თეთრი სახლის კამპუსზე მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტისთვის ამის შემდეგ ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია", - წერია თეთრი სახლის პრესმდივნის, ჰოგან ჯიდლის, განცხადებაში, რომელიც მან CNN-ს გაუგზავნა. 

CNN თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კამერდინერს სიმპტომები 6 მაისის დილას გამოუვლინდა. 

აშშ-ში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 1 266 442 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 74 948 ადამიანი გარდაიცვალა, 213 138 კი - გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები