კორონავირუსი

მოსკოვში კორონავირუსის გამო მიღებული ზომები 31 მაისამდე გახანგრძლივდა

სერგეი სობიანინი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კორონავირუსის გამო მიღებული ზომები 31 მაისამდე გაახანგრძლივეს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა, განაცხადა

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი შეზღუდვა, რომელიც ვირუსის შესაკავებლად მარტიდან არის დაწესებული, 12 მაისს შემსუბუქდება - მაგალითად, ინდუსტრიული და მშენებარე კომპანიები მუშაობას გააგრძელებენ. თუმცა, მერის განცხადებით, ჯერ კიდევ ნაადრევია რესტორნების, თეატრების, სპორტული დაწესებულებების გახსნა. 

მოსკოვი რუსეთის კორონავირუსის კრიზისის ეპიცენტრია. ქვეყნის 177 160 დადასტურებული შემთხვევიდან 92 676 მოსკოვზე მოდის. თუმცა, მოსკოვის მერმა 7 მაისს განაცხადა, რომ დედაქალაქში ახალი ვირუსის შემხთხვევები, შესაძლოა, ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებზე 3-ჯერ მეტი იყოს.

რუსეთში ახალი კორონავირუსით 1 625 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 905 - დედაქალაქში. 

ბოლო 24 საათში რუსეთში ახალი კორონავირუსი 11 231 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში დადასტურებულ შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, რუსეთმა ინფიცირებულების რაოდენობით გერმანიასა და საფრანგეთს გადაუსწრო. 

6 მაისს ახალი კორონავირუსი რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლღა ლიუბიმოვას, დაუდასტურდა. ინფიცირებულია რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინიც. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის მშენებლობის მინისტრს, ვლადიმერ იაკუშევსაც.

კომენტარები