სააკაშვილი უკრაინაში

უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველო ელჩს კონსულტაციებისთვის იძახებს

0 კომენტარი

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე იძახებენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

საქართველოს ელჩის გამოძახება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას უკავშირდება.

როგორც ზალკალიანი განმარტავს, ელჩის გამოძახება დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი და იმის მიმანიშნებელია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში "გარკვეული პრობლემები" შეიქმნა, შესაბამისად საჭიროა ელჩთან კონსულტაციების ჩატარება.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.

"სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე...

მიუხედავად ამ დასანანი გადაწყვეტილებისა, ბუნებრივია, შემდგომ ნაბიჯად ჩვენ, რა თქმა უნდა არ განვიხილავთ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთიბის გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, რაც არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრულ სულისკვეთებას, ჩვენს საერთო სწრაფვას და მიზნებს.", - ამბობს ზალკალიანი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.

მანამდე, 22 აპრილს, სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან რეფორმების საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო და დათანხმებას აპირებდა.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ უმაღლესი რადადან სააკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია, რადგან მან რადას დეპუტატებში საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერის მობილიზება ვერ მოახერხა. 

მომდევნო დღეებში სხვადასხვა უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ცნობებს, რომ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს მდივნად დაინიშნებოდა. სააკაშვილმა ეს ინფორმაცია 6 მაისს, DW-ის რუსულ ბიუროსთან საუბარში დაადასტურა.

ქართული ოცნების წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელებისთანავე ამბობდნენ, რომ თუ სააკაშვილი უკრაინაში "რაიმე თანამდებობაზე" დაინიშნებოდა, მმართველი გუნდი ელჩს კონსულტაციების მიზნით გამოიწვევდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები