პოლიტპატიმრები

წერეთელი: კუბილიუსის წერილი ძალიან სერიოზული სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ევროპული საქართველოს წევრი, გიგი წერეთელი, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი წერილის აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ დონის პოლიტიკოსის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლებისთვის სერიოზული სიგნალი უნდა იყოს.

"თუ ისინი ოდნავ მაინც საღად აფასებენ ამ სიტუაციას, უნდა იცოდნენ, რომ 8 მარტის შეთანხმების დარღვევა იქნება ძალიან ცუდი შედეგების მომტანი საქართველოსთვის, რეპუტაციულად, რაც ეხება საერთაშორისო პარტნიორებს. ასევე ქვეყნის შიგნით ეს, რა თქმა უნდა, გაართულებს პოლიტიკურ ვითარებას", - ამბობს წერეთელი.

ევროპარლამენტარმა წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს და მოუწოდა, შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობები.კუბილიუსი ხაზს უსვამს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც "შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებას ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებისადმი "ნდობის მზარდ ნახვრეტად" აფასებს.

კუბილიუსის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც "კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას".

პოლიტპატიმრების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის თანხლებით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოპოზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლება კი საჯაროდ შეთანხმების ამ ნაწილს უარყოფს. 

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი სწორედ პოლიტპატიმრებს  ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება",- წერდა საელჩო 14 აპრილს. 

 

კომენტარები