საპატრიარქო: მცდარი ინფორმაციაა, რომ მოსკოვში ქართველ სასულიერო პირს COVID 19 დაუდასტურდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს მოსკოვში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, სიცრუეა.

საპატრიარქოს თქმით, ის დაუკავშირდა რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს.

დეკანოზმა საპატრიარქოს უთხრა, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში ინფიცირებული არ არის, თუმცა, ახალი კორონავირუსი დაახლოებით პირველ მაისს დაუდასტურდა ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ფიოდორ კრეჩატოვს, რის შემდეგაც ტაძრის დანარჩენი მღდველმსახურები და მრევლი თვითიზოლაციაში გადავიდნენ, ტაძარს კი სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილისვე ინფორმაციით, ტაძარში ამჟამად COVID 19-ის სხვა დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა გარკვეული ნიშნები აქვს მრევლის რამდენიმე წევრს.

ამასთან, როგორც მან საპატრიარქოს უთხრა, არანაირი საბაბი იმისა, რომ ინფექციის გადადების წყარო ზიარება და ღვთისმსახურებაა, სავარაუდოდ, არ არის.

"რუსეთის ფედერაციაში ღიაა ყველა დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ტრანსპორტი, რაც ზრდის ვირუსის სწრაფად გავრცელების შესაძლებლობას. 1-ლ მაისამდე ტაძარში ყველა სააღდგომო და მიმდინარე ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ტარდებოდა. ვირუსის გავრცელების წყარო ტაძარი რომ ყოფილიყო, 120 ადამიანზე მეტი მაინც დაინფიცირდებოდა, რაც, ღვთის მადლით, სახეზე არ გვაქვს.

ამას გარდა, გუშინ ტემპერატურა აღენიშნებოდა ტაძრის კიდევ ერთ მღვდელმსახურს, ქართული გვარის მქონე რუს სასულიერო პირს, მღვდელ მირონ კანთელაძეს, მაგრამ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული, მასაც COVID 19 აქვს თუ უბრალოდ სეზონური ვირუსია.

თავად დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელადაა, თვითიზოლაციაში იმყოფება და ვირუსის ნიშნები არ აქვს", - აცხადებს საპატრიარქო.

8 მაისს გაირკვა, რომ მოსკოვის ქართული ეკლესია დაიკეტა, რადგან მის წინამძღვარს, დეკანოზ ფიოდორ კრეჩატოვს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ტვ პირველთან საუბარში ტაძრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა თქვა, რომ ამის გამო თავადაც თვითიზოლაციაშია. მისივე თქმით, ვირუსის სიმპტომები ტაძრის კიდევ ერთ მღვდელმსახურს მამა მირონ კანთელაძეს აქვს, თუმცა მას ჯერ ტესტი არ გაუკეთებია.

კომენტარები