კუბილიუსის წერილი

ბაქრაძე მთავრობას: შეასრულეთ 8 მარტის შეთანხმება, სანამ საერთაშორისო ზეწოლით მოგიწევთ

დავით ბაქრაძე
ტაბულა

"ქართული ოცნება მეორედ შედის იმავე მდინარეში და მეორედ იწვევს საერთაშორისო კრიტიკის ტალღას", - ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის წერილის აფასებს.

მისი თქმით, საერთაშორისო კრიტიკა ბევრად უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე ეს იყო იანვარ-თებერვალში, რადგან ამჯერად ქართული ოცნება ატყუებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ, იმ მთავარ საერთაშორისო პარტნიორებსაც, რომლებიც ჩართულები იყვნენ 8 მარტის შეთანხმების პროცესში. 

ბაქრაძე ამბობს, რომ ამ ტყუილს ექნება უმძიმესი ფასი ქართული ოცნებისთვის, მაგრამ ასევე დააზიანებს ქვეყანას და მის პოლიტიკურ გარემოს. 

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად ორივე ნაწილში, როგორც პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, ისე პროპორციების ნაწილში, სანამ იძულებული იქნება ისევ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ გააკეთოს ეს. უკვე გამოჩნდა, რომ კორონავირუსი და პანდემია არ იქნება მათთვის მიტევების საფუძველი და კრიტიკა იქნება", - ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძე ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას პასუხისმგებლიანად და ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედოს და არა პირადი და პარტიული ინტერესიდან.

"ჩვენი მხრიდან ვადასტურებ, რომ როგორც კი ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს  8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესასრულებლად, მას ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა ამ პროცესში", - თქვა ბაქრაძემ.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს და მოუწოდა, შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობები.

კუბილიუსი ხაზს უსვამს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც "შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებას ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებისადმი "ნდობის მზარდ ნახვრეტად" აფასებს.

კუბილიუსის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც "კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას".

პოლიტპატიმრების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის თანხლებით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოპოზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლება კი საჯაროდ შეთანხმების ამ ნაწილს უარყოფს. 

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი სწორედ პოლიტპატიმრებს  ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება",- წერდა საელჩო 14 აპრილს. 

კომენტარები