თბილისის მერია

კალაძე: მერია, ქართუს დახმარებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტს იწყებს

თბილისის მერია

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტს იწყებს.

ამაში მერიას ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ დაეხმარება.

ინიციატივა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ფონდი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან, ერთად წარადგინა.

მისი თქმით, პროექტი მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

კალაძის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. საერთო ჯამში, დაახლოებით, 700 ჰექტარი ტერიტორია უნდა გამწვანდეს.

კალაძის თქმით, ქართუ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მლნ ლარის ფარგლებში დააფინანსებს.

პროექტის წარდგენისას მან ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ასევე, პროექტის ავტორს, თემურ ტყემალაძეს მადლობა გადაუხადა.

"ფონდ ქართუსთან შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დედაქალაქის გულის - მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს ... ამჟამად, მიმდინარეობს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაოები. მსურს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის", - თქვა მან.

კალაძისვე თქმით, საჯარო განხილვისა და შეთანხმების შემთხვევაში, იგეგმება მომდევნო ეტაპებიც. კერძოდ, საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო, საექსპლუატაციო, მართვის კომპონენტების დეტალური დაგეგმარება და დაპროექტებული სამუშაოების შესრულება.

მერიის ცნობით, პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფონდ "ქართუსა" და ფონდ "განვითარება და გარემოს" შორის დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული დეგრადირებული ტყეების აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მერიისვე განცხადებით, პროექტის დაწყებამდე, შეიმუშავეს თბილისზე მორგებული ხე-მცენარეების სპეციალური ნუსხა. პროექტისთვის მცენარეები სწორედ ამ სიის მიხედვით შეარჩიეს.

კომენტარები