სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში

კაპანაძე: ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებაა

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით, სრულიად გაუგებარია საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწვეტილება, კონსულტაციებისთვის გამოიძახოს უკრაინაში საქართველოს ელჩი, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო:

"ეს არის ქართული ოცნების სტილი: ერთი მხრივ, ზეიმობენ წარმატებას - "იმედზე" რაც ხდება, ამის კარგი მაგალითია. მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ყავის მომდუღებლად ინიშნება. თუ საზეიმოდ გაქვს საქმე, თან ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა ქართული ოცნების უპრინციპო და შეუსაბამო პოლიტიკის კლასიკური მაგალითია", - ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მომხდარი რეაგირების გარეშე დაეტოვებინა, უკრაინასთან სტრატეგიული ურთერთობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ არცერთი წამით დაეყენებინა.

საქართველოს მთავრობამ 8 მაისს უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

დანიშვნამდე გარკვეული პერიოდით ადრე სააკაშვილმა დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მას ვიცეპრემიერის თანამდებობას სთავაზობდა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს დააზიანებდა.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტმა, უმაღლეს რადაში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია. საბოლოოდ ის რეფორმების საბჭოში დანიშნეს.

კომენტარები