სააკაშვილი უკრაინაში

დავითაშვილი სააკაშვილის დანიშვნაზე: ჩვენ, უბრალოდ, გულისტკივილი აღვნიშნეთ გადაწყვეტილებაზე

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული მხარე უკრიანის მთავრობის გადაწყვეტილებაში არ ერევა, თუმცა "გულისტივილს აღნიშნავს."

"ბუნებრივია, ჩვენ არ ვერევით არანაირ გადაწყვეტილებაში, რომელსაც უკრაინის მთავრობა იღებს - ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. ისევე, როგორც სუვერენულია ის გადაწყვეტილებები, რომელსაც საქართველო იღებს ხოლმე, მათთან წარმოდგენილი მათი მოქალაქე პოლიტიკოსი, ხშირ შემთხვევაში, ვხედავთ, როგორი უხეში ფორმით ერევა საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. 

ჩვენ აქ უბრალოდ გულისტკივილი აღვნიშნეთ იმ მეგობარი ქვეყნის გადაწყვეტილებაზე, რომელზეც ვსაუბრობთ. ეს, მორალური თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, არ არის მისაღები", - ამბობს დავითაშვილი. 

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა. 

ელჩის გამოძახება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართული მხარის შეცდომად შეაფასა.

კომენტარები