ვოლსკი სააკაშვილზე: არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით ხინჯი მაინც შეიტანა ურთიერთობაში

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ამბობს, რომ მან მაღალი სახელმწიფო თანამდებობა ვერ მიიღო, თუმცა ქვეყნების ურთიერთობაში "გარკვეული ხინჯი შეიტანა." 

"მაღალი სახელმწიფო თანამდებობა სააკაშვილმა ვერ მიიღო, ეტყობა უკრაინული პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღად აფასებს სიტუაციას. მაინც, თუნდაც ამ რაღაც არარსებულ თანამდებობაზე დანიშვნით, რასაკვირველია, გარკვეული ხინჯი შეიტანა ორმხრივ ურთიერთობაში. 

ელჩიც ჩამოვა, ეს გამოწვევა გარდა იმისა, რომ არის გარკვეული პოლიტიკური დემარში დიპლომატიურ სისტემაში, ამასთანავე, დეტალურად განხილვის საშუალებას იძლევა - რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რატომ იყო აუცილებელი ყოფილი პრეზიდენტისათვის ასეთი დამამცირებელი პოზიციის შექმნა, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი სასამართლოს მიერ კონკრეტულ დანაშაულებებშია ბრალდებული“, - ამბობს ვოლსკი. 

გიორგი ვოლსკის თქმით, ელჩის საკონსულტაციოდ გამოძახება "პოზიციის არარსებობამ, ამ დანიშვნით ნაციონალური მოძრაობის გაუგებარმა ჟივილ-ხივილმა და მაღალ თანამდებობაზე პოლიტიკური სპექტრის მიერ ასეთმა მკაცრმა უარის თქმამ" განაპირობა. 

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა. 

ელჩის გამოძახება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართული მხარის შეცდომად შეაფასა.

კომენტარები