კუბილიუსის წერილი

ვოლსკი კუბილიუსის წერილზე: უსაფუძვლო და უსაშველოდ არაკომპეტენტურია

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ანდრიუს კუბილიუსის წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ ის "არა თუ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია." 

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, 8 მარტის საარჩევნო შეთანხმება შეასრულონ. წერილში კუბილიუსმა ხაზი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს გაუსვა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც "შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია". 

ვოლსკი ამბობს, რომ შეთანხმების ნაწილი პოლიტიკური პატიმრების თემა ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ "ჯერ ეს ერთი, კონკრეტული ბრალდებები აქვთ წაყენებული და ეს ბრალდებები დამტკიცებულია."

"აქედან გამომდინარე, კუბილიუსის განცხადება არა თუ მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია, ასე ვთქვათ. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას შეუძლია კონკრეტული ბრალდებები მოუხსნას კონკრეტულ პიროვნებებს და რაღაც კონიუნქტურული მოსაზრებებით ამასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები", - ამბობს გიორგი ვოლსკი. 

მისივე თქმით, კუბილიუსის განცხადება "ევროპარლამენტის შეურაცხყოფაა", რადგან, ვოლსკის სიტყვებით, მის პოზიციას არ წარმოადგენს. ქართული ოცნების წევრი ასევე აღნიშნავს, რომ კუბილიუსის განცხადება "წარმოადგენს აშკარა, ღია მხარდაჭერას იმ დემაგოგიური პოლიტიკისას, რაც კუბილიუსის მოკავშირე პარტიას - ნაცმოძრაობას გააჩნია." 

"ეს მისი პირადი პოზიციაა და რა ვალდებულებები აქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ ამ კონკრეტულ პიროვნებას, ჩემთვის გაუგებარია. თუ არა რაღაც პოლიტიკური მოკავშირეობა, სხვა რა უნდა არსებობდეს. მაგრამ ესოდენ დიდი გადაცდომა გარკვეული სტანდარტიდან, მაფიქრებინებს, რომ დაუფიქრებელი არ არის ეს ნაბიჯი, გარკვეულ მიზანზეა ორიენტირებული და ეს მიზანი არის ყველა შესაძლებელი მექანიზმით კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის კლასტერს საკმაოდ დაბალი პოლიტიკური რესურსი გააჩნია და ამ ხაზით იქნებ როგორმე შემოიტანონ რაღაც ახალი ელემენტები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ზოგადად, ვწუხვარ, რომ ამ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს ამდენი შიდა და გარე გამოწვევების პირობებში, შიდა და გარე მტრების შემოტევების პირობებში, ემატება კიდევ ეს განცხადებაც, რომელიც ამ პერიოდში მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, თუნდაც იყოს არაკომპეტენტური", - ამბობს ვოლსკი. 

ოპოზიციური პარტიების მთელმა სპექტრმა და ქართულმა ოცნებამ საარჩევნო შეთანხმებას ხელი 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოაწერეს. შეთანხმება გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას, ასევე პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების, მათ შორის, გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას. ხელისუფლება შეთანხმების ამ ნაწილს საჯაროდ არ აღიარებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ პოლიპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

კომენტარები