გახარია: ელჩს გამოვიწვევთ კონსულტაციებზე, თუ როგორ დავიცვათ ურთიერთობა ავანტიურისტებისგან

TV Pirveli

"უკრაინიდან ელჩს გამოვიწვევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ან სტრატეგიულ პარტნიორობას", - საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიამ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას ეხმაურება.

"ელჩს გამოვიწვევთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ ეს ურთიერთობები ავანტიურისტებისგან. სხვანაირად, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ უკრაინელ ხალხთან სტრატეგიული და ძმური ურთიერთობები ამ ავანტიურისტი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც, სამწუხაროდ, თავიანთი პირადი გაურკვეველი ამბიციებისა და ეგოების გამო, რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. მეორე მხრივ, ჩემთვის სამწუხაროა, რომ ისეთი გამოცდილების შემდგომ, როგორიც უკრაინას აქვს ოდესის შემდგომ, კიდევ ერთხელ აი...“, – ამბობს გახარია.

გახარია აღნიშავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების განწყობა იცოდნენ  და ამბობს, რომ გაურკვეველია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი სასამართლო სისტემის მიერ მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ ადამიანს ნიშნავს თანამდებობაზე.

"გასაგებია, რომ არ ინიშნება მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, ინიშნება რაღაც მრჩევლის, თუ რაღაც საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს არის მაინც გაურკვეველი და ჩვენი ელჩის გამოწვევა სწორედ ამიტომაა", - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, სააკაშვილის ოდესის გუნერნატორობის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა დაჭირდა, რომ უკრაინასთან ურთიერთობები ნორმალურ ფარგლებში დაებრუნებინა:

"პირადად ვიყავი ამაში ჩართული, პირადად ვიყავი კიევში ჩასული, პირადად მქონდა შეხვედრები. ახლა ელჩს ვიწვევთ, რადგან ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ, ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ხელი შეგვიშალონ და რისკის ქვეშ დააყენონ ეს ურთიერთობა. ეს ჩვენთვის არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი", - ამბობს გახარია.

რაც შეეხება განცხადებებს უკრაინის მხრიდან, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა, გახარია ამბობს, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სიტყვები, რომ სააკაშვილიც არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში:

"ამ წინადადების შემდგომ აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს ეს, უნდა თქვას, რომ ასევე უზრუნველყოფს, რომ შემდგომში სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს, როგორ დააკავებენ ახლა მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები“, - თქვა პრემიერმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით უკრაინიდან საქართველოს ელჩი კონსულტაციებზე გამოიძახეს.

კომენტარები