გუდაურში მკვლელობისთვის დაკავებულის ჯგუფურ ცემაში ბრალდებულ 6 პირს გირაო შეუფარდეს

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

მცხეთის სასამართლომ გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებულის ჯგუფურად ცემისთვის 6 პირს 2000-2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მ.კ.-ს მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის 6 პირს ბრალდება ორი დღის წინ წარედგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე გუდაურის ახალ დასახლებაში ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.კ.-მ, სრულიად უმიზეზოდ, 19 წლის მ.უ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა. აღნიშნულის შემდეგ, ნაცემმა მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 

განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს „რედკო“-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ,,GLOCK 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.გ. გარდაიცვალა, ხოლო დ.ს.-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა მისთვის დროული და ინტენსიური სამედიცინო ჩარევის შედეგად", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ჯგუფური ძალადობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სადაც მ.კ. დაზარალებულად ცნეს.

ცემის ფაქტზე 6 პირს - მ.უ.-ს, დ.ნ.-ს, ლ.ზ.-ს, გ.ბ.-ს, ლ.ბ.-ს და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ.

შემთხვევა გუდაურში მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. ბრალდებული მ.კ. იმავე დღეს, 16 თებერვალს განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ბრალდებული თავს იცავდა და არავის განზრახ მოკვლას არ აპირებდა.

კომენტარები