ესტონეთი

კალიულაიდი: ესტონეთს არ სურს, ელექტროენერგია პირდაპირ რუსეთისგან შეიძინოს

კერსტი კალიულაიდი
ERR

ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის, თქმით, ქვეყანას არ სურს, ელექტროენერგია პირდაპირ რუსეთისგან შეიძინოს. ამასთან, მისივე თქმით, ესტონეთი შეეცდება, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მიაღწიოს კონსენსუსს, რათა ევროკავშირის ბაზარზე შესული რუსული ელექტროენერგიისთვის გარემოს დაბინძურების გადასახადი დაწესდეს. 

"რაც შეეხება ენერგიას, ესტონეთი არ ყიდულობს ელექტროენერგიას რუსეთისგან ქვეყანასთან არსებული 9 დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის გავლით", - თქვა პრეზიდენტმა ესტონური გამოცემა BNS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

კალიულაიდის თქმით, ესტონეთი ელექტროენერგიას Nord Pool-ისგან ყიდულობს, კომპანიისგან, რომელიც 15 ევროპულ ქვეყანაში ელექტროენერგიის გამანაწილებლად ოპერირებს. 

"ჩვენ ვიცით, რომ, რა თქმა უნდა, Nord Pool-შიც არის რუსული ელექტროენერგია და მისი დიდი ნაწილი Nord Pool-ის ბაზარზე ფინეთიდან ხვდება, ნაწილი კი - ლიტვიდან", - თქვა კალიულაიდმა. 

კალიულაიდმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ბალტიის სახელმწიფოები გამოეთიშებიან პოსტ-საბჭოთა გამანაწილებელ ქსელ BRELL-ს, რომელიც ასევე მოიცავს რუსეთსა და ბელარუსს და საკუთარ ელექტროსისტემებს კონტინენტური ევროპის სისტემასთან დაასინქრონებენ, ისინი აღარ მიიღებენ ელექტროენერგიას რუსეთისგან. 

პრეზიდენტის ცნობით, ესტონეთი მხარს უჭერს ევროკომისიის ინიციატივას, რომ დაიბეგროს მესამე ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი საერთო ევროპული ბაზრის დემპინგური ფასებისგან დასაცავად. 

"ასე რომ, ავტომატურად, ვინაიდან გადავწყვიტეთ, რომ ცენტრალური ევროპის ელექტროგამანაწილებელ სისტემაზე გადავიდეთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბალტიის 3 სახელმწიფო რუსული ბაზრიდან პირდაპირ აღარ შეიძენს ელექტროენერგიას. ეს გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი გადაწყვეტილებაა. ჩვენ წინ მივიწევთ ამ პროექტის ტექნიკური განხორციელების თვალსაზრისით", - თქვა კალიულაიდმა. 

ლიტვური სააგენტოს LRT-ის ცნობით, რუსეთისგან ელექტროენერგიის იმპორტი ლიტვისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან ის ცდილობს, რომ ბაზარზე არ დაუშვას ბელარუსული ატომური ელექტრო სადგური Astravyets, რომელსაც ვილნიუსი საფრთხის შემცველად მიიჩნევს. 

როგორც გამოცემა წერს, ლიტვის პრემიერმინისტრმა, საულიუს სკვერნელისმა, ლატვიასა და ესტონეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ხელი მოაწერონ პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც საფრთხის შემცველი და "ბინძური" ელექტროენერგიის იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. 

LRT-ის ცნობით, რიგა აქამდე უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე. 

კომენტარები