მუსიკა

მუსიკალური ლეგენდა Little Richard გარდაიცვალა, ის 87 წლის იყო

NBC News

მუსიკალური ლეგენდა Little Richard 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ჟურნალმა Rolling Stones შვილზე, დენი პენიმენზე, დაყრდნობით გაავრცელა. 

როგორც პენიმენმა ჟურნალს უთხრა, Little Richard 9 მაისს გარდაიცვალა, თუმცა, მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

პიანისტისა და მომღერლის ნამდვილი სახელი და გვარი რიჩარდ უეინ პენიმენია. ის ცნობილი გახდა თავისი საკულტო ჰიტებით Tutti Frutti, Good Golly Miss Molly და Long Tall Sally. 

პენიმენი ჯორჯიის შტატში დაიბადა და მის მშობლებს, მის გარდა, 11 შვილი ჰყავდათ. თინეიჯერობის წლებში ის საკუთარმა ოჯახმა სახლიდან გამოაგდო და სხვა ოჯახმა შეიფარა, რომელსაც საკუთარი კლუბი ჰქონდა. სწორედ ამ კლუბში შედგა პენიმენის დებიუტიც. თუმცა, როკ ენ როლის სახედ ის მოგვიანებით, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იქცა. 

Little Richards-ის სიმღერების ქოვერებს აკეთებდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ ელვის პრესლი, ბადი ჰოლი და ბილ ჰეილი. The Beatles, The Rolling Stones, დევიდ ბოუი, როდ სტიუარტი და ლემი კილმისტერი - ყველა მათგანმა Little Richards-ის უზარმაზარი გავლენა განიცადა, როგორც მუსიკაზე, ისე - შესრულების სტილზე.  

კომენტარები