ევროპული საქართველო

გიგა ბოკერია: ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა სინონიმები არ არის

"ოპოზიცია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სინონიმები არ არის" - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, 6 მაისს TV პირველის ეთერში სატელეფონო ჩართვისას ისაუბრა. 

TV პირველში გადაცემა "პოლიტმეტრში" Facebook-ის მიერ იმ ორი ქართული ანგარიშების ქსელის გაუქმებას საუბრობდნენ, რომელთაგან ერთი ქართული ოცნების PR კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილს უკავშირდებოდა, ხოლო მეორე - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. 

ბოკერიამ გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ პრობლემაა, როდესაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ ახალ ამბებსა და არაავთენტურ ქცევაზე საუბრისას ოპოზიციას იყენებენ ტერმინად და არა - კონკრეტულ პარტიას. 

"აქ საუბარი იყო ერთ კონკრეტულ, მსხვილ ოპოზიციურ პარტიაზე, ნაციონალურ მოძრაობაზე, და ეს მათი პრობლემაა და იმედი მაქვს, რომ პასუხს გასცემენ. ასეთი ჯგუფების არაავთენტური მართვის პრაქტიკა არცერთ დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ იმის გამეორება, რომ ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა სინონიმებია, ეს სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილია, რასაც ეწეოდნენ მათ შორის Facebook-ის მიერ დახურული გვერდების ნაწილი, [კოკა] ყანდიაშვილი და ა.შ. ეს დიდი პრობლემაა პრაგმატულად და პრინციპულად", - თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატის თქმით, მეორე დიდი შეცდომაა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ანგარიშების ქსელსა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშების ქსელს შორის ტოლობის დასმა, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს ოპოზიციური პარტიისგან ასეთი ქცევა. 

"როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, და არის კიდეც მიუღებელი ჩემთვის, ევროპული საქართველოსთვის ის, რასაც ახლა ნაციონალურ მოძრაობას აბრალებენ და ჩვენ არასოდეს მსგავსი პრაქტიკა არ გვქონია, მაგრამ ამის გათანაბრება იმასთან ერთ რანგში, რაც ჩვენ ვიხილეთ და ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში [ბიძინა] ივანიშვილის გუნდისგან და არამარტო ის, რომ არაავთენტურად იქცევიან, ეს ანგარიშები მხოლოდ სიძულვილის მთესველები კი არ არიან, რაც თავისთავად უკვე პრობლემაა, არამედ ღიად ანტიამერიკული, ანტიდასავლური, პროპუტინურ პროპაგანდასთან გადაჯაჭვული გზავნილებით არიან. ეს ხარისხობრივად სულ სხვა რამეა, ამიტომაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა ესეც [ტოლობის ნიშნის დასმა]", - თქვა გიგა ბოკერიამ. 

5 მაისს Facebook-მა ქართული ანგარიშების ორი დამოუკიდებელი ქსელი წაშალა - ერთი, რომელიც დაკავშირებული იყო ქართული ოცნების PR კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილთან (790 ანგარიში) და მეორე, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული (150 ანგარიში). მიზეზი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო - კოორდინირებული არაავთენტური ქცევა. 

ყანდიაშვილის შემთხვევაში Facebook-მა დაწერა, რომ ამ ქსელს გარკვეული კავშირი ჰქონდათ ანგარიშების იმ ქსელთან, რომელიც სოციალური ქსელის პლატფორმიდან 2019 წლის 20 დეკემბერს წაიშალა. მაშინ Facebook თავის განცხადებაში წერდა, რომ ანგარიშების ქსელი ქართულ ოცნებასთან იყო დაკავშირებული. 

კომენტარები