ვოლსკი სააკაშვილზე: რასაკვირველია, მისი დანიშვნა ორმხრივ ურთიერთობას ჩრდილს მიაყენებს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის, შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნა უსიამოვნოა და ამ ნაბიჯით ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობას "რასაკვირველია, ჩრდილი მიადგა".

ვოლსკის ცნობით, თავად უკრაინაშიც არის კანონმდებლობა, რომელიც არ ითვალისწინებს მისჯილი მიპირების დასაქმებას, თუნდაც ეს სასამართლო გადაწყვეტილება უკრაინაში არ იყოს გამოტანილი.

"მე-10 ხარისხოვანი თანამდებობა თუა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადება არ უნდა გავაკეთოთ. იმ ფორმატში, რაშიც ჩვენ ვთანამშრომლობთ, არაა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, აქაა მრავალმხრივი თემები, უსაფრთხოების, რეგიონალური თანამშრომლობის თემაზე, პოლიტიკურ-სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ელჩიც უნდა გამოვიწვიოთ და კონსულტაციები მისი მონაწილეობით უნდა გავმართოთ, რათა თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველოს და უკრაინის პარალელური აქტივობები, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, საქმიანობის იყოს შენარჩუნებული", - ამბობს ვოლსკი.

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ელჩის გამოძახება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართული მხარის შეცდომად შეაფასა. 

განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. სამინისტროს ცნობით, ელჩის გამოძახებას მეგობარი ქვეყნების ურთიერთობისთვის საფრთხედ არ აღიქვამენ.

კომენტარები