კიბერუსაფრთხოება

გოცირიძე: ფაქტია - რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს კიბერსივრცეში შეღწევა შეუძლიათ

პირველი არხი

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის, ანდრო გორიციძის თქმით, მიუხედავად იმისა, სიმართლეა თუ არა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ბრიტანულ ლაბორატორიზე რუსული კიბერთავდასხმა განხორციელდა, ფაქტი ერთია - საქართველოს კიბერსივრცეში რუსული სპეცსამსახურებს ადვილად შეუძლიათ შეღწევა, სათანადო დაცვის მექანიზმები კი არ არსებობს.

"მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია მწირია და თან, მედია, რითაც ეს ამბავი გავრცელდა, არ არის გადამოწმებული ინფორმაციის ფლაგმანი, ფაქტია, რომ კიბერუსაფრთხოების პრობლემები არსებობს.

საქართველოს 2019-2020 წლებში კიბერუსაფრთხოების სტრატეგია არ აქვს და ვერა და ვერ მოხერხდა მისი მიღება;

საქართველოს კანონმდებლობა ძალიან სუსტია კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით და ჯერჯერობით მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურებით შემოიფარგლება.

როგორც არ უნდა იყოს ეს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მიერ, ფაქტი რჩება ფაქტად, რომ საქართველოს კიბერსივრცე, კიბერქსელები შეღწევადია რუსული სპეცსამსახურების მხრიდან.

ეს არის საკითხი, რომელსაც მუდმივად ბრძოლა, საშინაო დავალების კარგად შესრულება სჭირდება და არამც და არამც პოლიტიკური პრობლემატიკის წინა პლანზე წამოწევა", - თქვა ანდრო გოცირიძემ ტვ პირველის ეთერში.

გოცირიძისვე თქმით, რუსეთი კიბერ-სივრცეში ხშირად მოქმედებს "სხვისი დროშის ქვეშ". მან მაგალითად საფრანგეთის ერთ-ერთ ტელემაუწყებელზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმა მოიტანა - თავდამსხმელად წლების განმავლობაში კიბერ-ხალიფატი, ისლამური სახელმწიფოს კიბერ-დანაყოფი ითვლებოდა, თუმცა, მოგვიანებით გაჩნდა ტექნიკური მტკიცებულებები, რომ თავდასხმა რუსეთმა განახორციელა.

"APT 28-ზე მაქვს საუბარი. სწორედ ეს ჯგუფია პასუხისმგებელი 2008-2009 წლებში საქართველოში კიბერჯაშუშობის ფაქტზე, ასევე პასუხისმგებელია აშშ-ის არჩევნების დროს დემოკრატიული კონგრესის სერვერებზე თავდასხმაზე", - თქვა მან.

გოცირიძე აღნიშნავს იმასაც, რომ მართალია, ეს არ ამტკიცებს Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სიყალბეს ან სიმართლეს, თუმცა, საქართველომ, როგორც რუსული კიბერთავდასხმების მუდმივმა სამიზნემ, მუდმივად უნდა იმუშაოს გაძლიერებისთვის.

"მით უმეტეს, რომ ჩვენთვისაც და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვისაც (აშშ) კიბერი წინ წამოიწევს, როგორც უკონტაქტო ზემოქმედების საშუალება. ჩვენ ამას არ ვხვდებით სათანადოდ მომზადებული. იმიტომ, რომ გაცილებით განვითარდა მტრულად განწყობილი სახელმწიფოს კიბერ-შესაძლებლობები და ჩვენი მხრიდანაც სათანადოდ გადასადგმელი.", - თქვა მან.

ბრიტანულმა ტაბლოიდმა, Daily Mail-მა დღეს, 10 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ჰაკერებმა ლაბორატორიიდან მოიპარეს სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები, რომლებიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. გამოცემის მიხედვით კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს. The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.

საკითხთან დაკავშირებით სხვა დეტალი ცნობილი არ არის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, არც რამე განცხადება გაუვრცელებიათ. ტაბულას სუს-ში გვეუბნებიან, რომ ამ თემაზე "დაგვირეკავენ".

კომენტარები