კორუფცია

TI: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თანამდებობის პირთა არასრულად შევსებული დეკლარაციები

0 კომენტარი
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თანამდებობის 6 პირი დეკლარაციებს არასრულად ავსებს. ისინი სრულად არ ასახავენ თავიანთ ქონებას, რაც კანონდარღვევაა. ორგანიზაციის შეფასებით, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმება კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

TI-მ 48 თანამდებობის პირის 2019-2020 წლებში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.

საერთორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, გამოვლენილი დარღვევებიდან 4 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ დეკლარირებას. ამასთან, 2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს ეს წილები სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, რაც ასევე არის საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევა.

წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საერთაშორის გამჭვირვალობა-საქართველო საჯარო სამსახურის ბიუროს მოუწოდებს, შეისწავლოს წარმოდგენილ პირთა დეკლარაციები და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

თორნიკე რიჟვაძეს 2019 წლის 30 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს 25% წილი შპს „აჭარა ბერრის ლიმითედში”. რიჟვაძეს მოცემული წილის მართვა სხვა პირისთვის მინდობით უნდა გადაეცა, რაც მან არ გააკეთა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2017 წლის 31 ივლისს, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნული წილი თორნიკე კუჭავას აჩუქა (კუჭავა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს). თუმცა სათანადო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო საჯარო რეესტრმა რიჟვაძის განცხადება არ დაარეგისტრირა. შესაბამისად, კომპანიის 25% დღემდე თორნიკე რიჟვაძის საკუთრებაში რჩება.

ზურაბ თენიეშვილი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ზურაბ თენიეშვილმა 2020 წლის 17 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა შემოსავალი, რომელიც ბათუმში, თანასაკუთრებაში არსებულ 175 კვ.მ. კომერციულ ფართში, საკუთარი წილის გასხვისებიდან მიიღო. ფარნავაზ მეფის 92/94 ნომერში მდებარე კომერციული ფართის ნახევარს თენიეშვილი 2019 წლის 9 იანვრამდე ფლობდა, შესაბამისად, ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავალი 2020 წლის დასაწყისში შევსებულ დეკლარაციაში უნდა მიეთითებინა.

მუხრან კაკაბაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი

2019 წლის 10 სექტემბრის ქონებრივ დეკლარაციაში მუხრან კაკაბაძეს მითითებული არ აქვს მამის, ნოდარ კაკაბაძის სამეწარმეო საქმიანობა: ნოდარ კაკაბაძე შპს „სახლი პიაცასთან” დირექტორი და 20%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, კაკაბაძეს დეკლარირებული არ აქვს შემდეგი უძრავი ქონება: მის საკუთრებაში არსებული 57.22 კვ.მ. ბინა ბათუმში და დედის, ტატიანა ემინზადეს 38.28 კვ.მ. ფართი ბათუმში.

ნუგზარ სურმანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

2020 წლის 24 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ნუგზარ სურმანიძემ მიუთითა, რომ მეუღლეს, სვეტლანა სურმანიძეს შპს „ვიტაფარმის” 10%-იანი წილის მართვიდან 2019 წელს შემოსავალი არ მიუღია. ამ კომპანიამ, 2019 წელს, სახელმწიფო და გამარტივებული შესყიდვებიდან ჯამში 56,920 ლარი მიიღო.

ხვიჩა შარაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი

ხვიჩა შარაშიძის 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი შპს „ჩემი სახლის”, შპს „დუპლექსი-სამშენებლო კომპანიის” და შპს „vox”-ის 50%-იანი წილების მფლობელია. შარაშიძეს თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე პერიოდში არსებული წილების მართვა სხვა პირისთვის მინდობით უნდა გადაეცა, რაც მან არ გააკეთა.

ვახტანგ წულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

2019 წლის 28 თებერვალს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვახტანგ წულაძემ არ მიუთითა თავის საკუთრებაში არსებული 23.10 კვ.მ. ფართი ბათუმში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები