8 მარტის შეთანხმება

ბოკერია: ტყუილებში უტიფრობა "ოცნების" სტილია, ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, მოუწოდებს ივანიშვილს და მის გუნდს დროზე მოეგონ გონს და 8 მარტის შეთანხმების პირობები შეასრულონ. 

ბოკერია ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ კენჭისყრამდე კიდევ არის ცოტა დრო დარჩენილი და ხელისუფლებამ ის პირობა უნდა შეასრულოს, რასაც ხელი მოაწერა, კერძოდ კი პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილი. 

ბოკერია დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც თალაკვაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმების ყველა ვალდებულებას ასრულებს და ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირობა არავის წინაშე დაუდია.

თალაკვაძე ამ განცხადებებს იმ ფონზე აკეთებს, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები, როგორც ამერიკის საელჩო, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპარლამენტარები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ბოკერიამ დღეს ხელისუფლებას ურჩია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს თუ არ უჯერებენ, პატრიოტთა ალიანსის ლიდერს, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ, რომელმაც 8 მარტს შეხვედრის დასრულების შემდეგ დაადასტურა, რომ შეთანხმებისას კონკრეტულ გვარებსა და გათავისუფლების მექანიზმებზე იყო საუბარი. ამიტომ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. 

ბოკერიას თქმითვე, ტყუილებში უტიფრობა ივანიშვილის გარემოცვის სტილია და ყველაფერი შეუძლიათ თქვან, მაგრამ ეს ქვეყნისთვის საზიანოა.

"გავიგე, რომ ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე ასე უარის თქმა მოსულა, რასაც თალაკვაძე, კობახიძე და დანარჩენები აკეთებენ, ეს არ გვიკვირს, მაგრამ, მთავარი არის ქვეყნის ინტერესი. 

თუ არ შეასრულებს ივანიშვილი ამ პირობას, მაშინ, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ყველა სტრატეგიული საერთაშორისო პარტნიორისგან უმძიმეს დარტყმას მიიღებს, ეს ქვეყნისთვის კარგი არ იქნება. ეს მას ვერ იხსნის არჩევნებზე და ძალინ მძიმე პოლიტიკურ, პერსონალურ ხვედრს უქადის", - ამბობს ბოკერია.

ბოკერია აღნიშნავს, რომ პანდემია და საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე მდგარი ეს გამოწვევა, თავისუფალი სამყაროსთვის და ქართული საზოგადოებისთვის დემოკრატიის თვალსაზრისით ვითარებას არ შეცვლის.

"დროზე მოეგონ გონს და ამ უტიფარ სპექტაკლებს თავი დაანებონ", - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ როგორც პოლიტპატიმრების, ისე საარჩევნო სისტემის საკითხი ოპოზიციისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ყოველთვის პრინციპული იყო. 

"მეორე ტექსტი რაზე არის, აბა, შეთანხმებაში, პრეზიდენტზე რომ არის საუბარი და მისი უფლებამოსილების შესრულებაზე? რომ არცერთ მხარეს არ უნდა გვქონდეს შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური ინტერესებისთვის წარსულ ან მომავალ საქმეებზე გამოიყენება მართლმსაჯულება?!" - ამბობს ბოკერია.

რაც შეეხება პრეზიდნეტის როლს, რომელსაც ბოკერია იხსენებს, შეთანხმების ოფიციალურ დოკუმენტში წერია: "ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს."

ამის შესახებ, 13 მარტს, სალომე ზურაბიშვილს წერილითაც მიმართა 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან.

"თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, განახორციელოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილება, კონკრეტულად ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის გათავისუფლებაც საერთო შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება", - წერია ევროპარლამენტარების წერილში.

რა განცხადებები აქვთ გაკეთებული საერთაშორისო პარტიორებს 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკური დევნის ნაწილზე და რას ამბობს არჩილ თალაკავაძე ამის საპირისპიროდ, ნახეთ აქ.

კომენტარები