8 მარტის შეთანხმება

მარგველაშვილი 8 მარტის შეთანხმებაზე: ტყუილი ოცნების იდეოლოგიური საფუძველი გახდა

პარლამენტი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების საკითხზე ისაუბრა. საუბარია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებაზე. 

ოცნებაში ამბობენ, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ მოიაზრებდა, შეთანხმების გაფორმების პირველივე დღიდან საპირისპიროს აცხადებენ ოპოზიციაში. 

საკითხზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს თაღლითურად გაექცეს აღებულ პასუხისმგებლობას.

"ჩვენ, სამწუხაროდ, ვართ რეალობაში, როდესაც ხელისუფლება ისეთი პერმანენტულობით იტყუება, რომ ეს გახდა ფორმა და სტილი ამ პოლიტიკური ძალის, ეს არის მათი იდეოლოგიური საფუძველი. ამის გარდა, ამ საკითხზე იმდენჯერ მოვისმინეთ პირდაპირი, არაპირდაპირი და დიპლომატიური განცხადებები, მარტივად ვხედავთ, რომ ეს არის კიდევ ერთი თაღლითური მცდელობა, გაექცნენ პასუხისმგებლობას", — ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ქართული ოცნება უკვე საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების იმიჯი ქვეყანაზეც არ გადავიდეს.

"სამწუხაროდ, ხელისუფლება ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად. მე მგონია, რომ არაფერს ახალს და ორიგინალურს არ ვამბობ, იმიტომ, რომ ამ თაღლითობას ხედავენ არამარტო საქართველოში არამედ ეს არის სტილი, რომელზეც არაერთხელ სხვადასხვა ფორმით მიგვითითეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალის იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ჩვენს პარტნიორებს ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ ეს არის თაღლითების ერი. ამისთვის უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც მოსახდენია", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ქართული ოცნება აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

თუმცა, შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზეუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც - კონკრეტულ გვარებსა და გათავისუფლების მექანიზმებზეც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები