Johnson & Johnson კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიარდ დოზას დაამზადებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson 2021 წელს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიარდ დოზას გამოუშვებს. ვაქცინის კლინიკური ცდები სექტემბრიდან დაიწყება, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა პოლ სტოფელსმა ABC-ის ეთერში განაცხადა. 

სტოფელსის თქმით, ვაქცინის გარეშე ახალი კორონავირუსის დამარცხება ვერ მოხერხდება. ვაქცინის წარმოებას კომპანია მიმდინარე წელს დაიწყებს. სტოფელსის თქმით, წარმოების დაწყება 2021 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის ფონზე ვადებმა გადმოიწია. 

სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანია აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროსთან მდებარე ბიომედიცინის პერსპექტიული გამოკვლევების ცენტრთან ერთად, ვაქცინის შექმნისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

16 მარტს სიეტლში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ექსპერიმენტალური ვაქცინის გამოცდა დაიწყო. მისი პროტოტიპი აშშ-ის ნაციონალური ჯანდაცვის სტრუქტურებთან თანამშრომლობით ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ შეიმუშავა. ვაქცინა მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი 18 თვეში გახდება. 

ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1.3 მლნ - აშშ-ში. სულ გარდაიცვალა 277 000 პაციენტი, მათ შორის 78 800 - ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

კომენტარები