ფსიქიატრიული დაწესებულება

ომბუდსმენი: ფსიქიატრიულში ერთი პაციენტი სექსუალურად ძალადობდა სხვებზე, ის ვერ განაცალკევეს

ქალთა მიმართ ძალადობა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ერთერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტი სექსუალურად ძალადობდა სხვა პაციენტებზე, რასაც ხშირად თან ახლდა კონფლიქტი. თუმცა, დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობების და სივიწროვის გამო, მისი განცალკევება ვერ ხერხდებოდა. ომბუდსმენის ცნობით, ამის შედეგად ზარალდებოდნენ როგორც სხვა პაციენტები, ისე სავარაუდო მოძალადეც, რადგან სამედიცინო პერსონალი მას ხანგრძლივად აბავდა რკინის საწოლზე. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში - "ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“.

"სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების მიუხედავად, სადაც პაციენტი ღიად აცხადებდა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ამ ფაქტს ადმინისტრაცია მხოლოდ დანარჩენ პაციენტებზე ფიზიკური ძალადობის ჭრილში განიხილავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტებს პრობლემები ექმნებათ შერეული ტიპის ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესეულებებშიც. მაგალითად, ქალი, რომელიც მოთავსებული იყო შერეული ტიპის განყოფილებაში, თავს მშვიდად ვერ გრძნობდა. იგი შიშობდა, რომ იმავე განყოფილებაში მოთავსებულ მამაკაცებს შესაძლოა მასზე სექსუალურად ეძალადათ. თუმცა სამედიცინო პერსონალი მის მდგომარეობას სერიოზულად არ აღიქვამდა და მის განცალკევებას ან სხვა განყოფილებაში გადაყვანას საჭიროდ არ მიიჩნევდა" - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბენეფიციართა შორის სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას შშმ პირთა პანსიონატებში.

"ხშირად ბენეფიციართა ერთი ჯგუფი ცდილობს დაჩაგროს და თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მეორე. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ჩაღრმავებული ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იგი პანსიონატში მისი ნების საწინააღმდეგოდ "გაათხოვეს“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ადამიანების ცხოვრება იმთავითვე ძალადობის მომეტებულ რისკებს შეიცავს და ადამიანის ფუნდამენტური უფლების სათანადოდ დაცვას გამორიცხავს" - წერია დოკუმენტში.

სახალხო დამცველმა ანგარიში იმ მონიტორინგის საფუძველზე მოამზადა, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩაატარა.

მონიტორინგის მიზანი იყო ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება.

სახალხო დამცველის თანამშრომლები 12 ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში, 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულთა პანსიონატსა8 და 6 სათემო ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ. 

ომბუდსმენის აპარატმა ინფორმაცია ბენეფიციარებთან, ადმინისტრაციასა და თანამშრომლებთან გასაუბრების, ასევე, დაწესებულებაში აღნიშნულ პირთა ყოფნის პირობების დათვალიერება/შემოწმების გზით შეკრიბა. შეაფასეს ბენეფიციართა საცხოვრებელი გარემო. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა სამიზნე დაწესებულებებში მყოფ რეპროდუქციული (15-დან 49 წლამდე) ასაკის 93 ქალ პაციენტთან/ბენეფიციართან, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პერსონალთან და ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან. კვლევის ექსპერტებმა ასევე გააანალიზეს 120-მდე პაციენტის/ბენეფიციარის სამედიცინო დოკუმენტაცია.

კომენტარები