საარჩევნო შეთანხმება

წულუკიანი: არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება ვერ მოხდებოდა

"ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, შესაბამისად, ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა.

მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შემდეგ წერილობითი დოკუმენტი გამოიცა, რომელშიც "არავითარ პატიმართა გათავისუფლებაზე საუბარი არ არის". 

იუსტიციის მინისტრი დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმების ყველა ვალდებულებას ასრულებს და ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირობა არავის წინაშე დაუდია.

" ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა",- ამბობს წულუკიანი. 

ქართული ოცნება აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზეუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები