კორონავირუსი რუსეთში

მოსკოვში სამხედრო აღლუმის რეპეტიციაზე კორონავირუსით სულ მცირე 376 ადამიანი დაინფიცირდა

dw.com

მოსკოვში, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის რეპეტიციაზე ახალი კორონავირუსით სულ მცირე 379 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიებების პორტალზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს. სამხედრო აღლუმი 9 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ საბოლოოდ გაუქმდა.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორთა თქმით, ინფიცირებულები სამხედრო-საზღვაო სკოლების სტუდენტები და მოსკოვის სამხედრო უნივერსიტეტის იუნკერები არიან. მათი მტკიცებით, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან გამოძიების ავტორებმა მხოლოდ 6 სასწავლებლის სტუდენტები გამოკითხეს, სულ კი, აღლუმის რეპეტიციაში 40-ზე მეტი სამხედრო სასწავლებელი მონაწილეობდა. 

სამხედრო აღლუმის რეპეტიციები მოსკოვის რაიონის სოფელ ალაბინოში, მარტის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე მიმდინარეობდა, ანუ მაშინ, როცა მთელ მოსკოვის ოლქში უკვე კარანტინი იყო გამოცხადებული. მათი ინფორმაციით, აღლუმის რეპეტიციის მონაწილეთა დიდ ნაწილს პირბადეები არ ჰქონდა, ინფიცირებულების იზოლირება კი, დაგვიანებით ხდებოდა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

16 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, მოსკოვში, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი 9 მაისის ნაცვლად სხვა დროს ჩატარდება. მას ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 9 მაისისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება, რომელიც გადაიდო, 2020 წელს ჩატარდება. 9 მაისს წითელ მოედანზე მხოლოდ ავიაშოუ ჩატარდა.

კომენტარები