8 მარტის შეთანხმება

ბაქრაძე საელჩოების განცხადებაზე: მკაფიოდაა განმარტებული - რა არის 8 მარტის შეთანხმება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებებზე ისაუბრა. ბაქრაძის თქმით, საელჩოების ტექსტში მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და საარჩევნო პროპორციების და პოლიტპატიმრების საკითხს ეხება.

"მიუხედავად იმისა, რომ ელჩებს შიდა ამბები გარეთ არ გამოაქვთ, მაინც მკაფიოდ არის განმარტებული ბოლო აბზაცში - რა არის 8 მარტის შეთანხმება. ამ შეთანხმებას აქვს ორი ელემენტი, ერთი არის საარჩევნო პროპორციები და მეორე ნაწილი, რეაგირება იმ საქმეებზე, რომლებიც გამოიყურება, როგორც სასამართლოში პოლიტიკური ჩარევა", — ამბობს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძის თქმით, შეთანხმების დროს საუბარი იყო როგორც კონკრეტულ ადამიანებზე, ასევე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც. 

"დღეს ხელისუფლებისგან მიდის პოლიტიკური დაკვეთა პროკურატურაზე, ვინ უნდა დაიჭირონ, იგივე პოლიტიკური დაკვეთა მიდის სასამართლოზე - ვინ და რა სისწრაფით უნდა დაიჭირონ. ყველა საქმეზე, რომელიც გამოიყურება როგორც სასამართლოში პოლიტიკური ჩარევა, უნდა მოხდეს რეაგირება და უნდა გადაიჭრას", — განაცხადა ბაქრაძემ.  

ბაქრაძე, ასევე, ამბობს, რომ კონკრეტულ გვარებისა და საქმეების განხილვის დროს გაწერილი იქნა პრობლემის გადაჭრის გზებიც და ამის შედეგია შეთანხმების ტექსტში პრეზიდენტის როლის გამოკვეთაც.

"ყველა ამ საქმეს აქვს გადაჭრის სამართლებრივი გზა, მაგალითად, გიგი უგულავას შემთხვევაში ასეთია პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლების გამოყენება, არანაირი უკანონობა აქ არ არის. ამ უფლებას იყენებდა ყველა პრეზიდენტი დღევანდელის ჩათვლით. 8 მარტის შეთანხმებაში პრეზიდენტიც ამიტომაა ნახსენები, იქ წერია, რომ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება პრობლემის გადასაჭრელად. ამ ჩანაწერს სხვანაირად ვერ გაიგებ - ერთადერთი უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს პრობლემური სასამართლო დავებისა და პოლიტიკური დავების გასანეიტრალებლად", — განაცხადა ბაქრაძემ. 

ქართული ოცნება აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

თუმცა, შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზეუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც - კონკრეტულ გვარებსა და გათავისუფლების მექანიზმებზეც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

 

კომენტარები