საარჩევნო შეთანხმება

ხულორდავა: მეორედ დადებული პირობის არშესრულება ხელისუფლებას ძალიან ძვირი დაუჯდება

parliament.ge

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ხულორდავას თქმით, ქართულმა ოცნებამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უნდა შეიტანოს და სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად მისი მიღება შესაძლებელი იქნება.

ხულორდავამ ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ სურს საკონსიტუტიციო ცვლილებებით მთავრობამ ქულები დაიწეროს.

"არანაირი საბაბით არ შეიძლება უარის თქმა შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ქართულ ოცნებას ცვლილებები ხელს ნამდვილად არ აძლევს, მით უფრო ახლა, როცა კრიზისის პერიოდში შეძლო ძალების აღდგენა. ოპოზიციის ნაწილსაც თავისი მოტივები აქვს: მათი მიზანი ხელისუფლების სრული საერთაშორისო დისკრედიტაციაა. მათ, რა თქმა უნდა, არ სურთ ქართულმა ოცნებამ ქულების დაწერა შეძლოს ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებით. და რა გამოდის, ისევ ორი ჯგუფის ინტერესს უნდა გადაყვეს ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების შანსი...

ქართულმა ოცნებამ უნდა შემოიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში და ხმა უნდა მისცეს მას, მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ქართული ოცნების სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მეორედ დადებული პირობის არშესრულება, ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას. ამას ვერც ოპოზიციის სიჯიუტით გაამართლებენ და ვერც კორონა ვირუსით დაჩრდილავენ. პირობის მეორედ არ-შესრულება არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის და არა განვითარების გზა. და ეს სულაც არ მახარებს",- წერს ის.

დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. თალაკვაძემ დიპლომატებს მიმართა, განმარტონ შეთანხმების შინაარსი.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს.

იგივე გაიმეორეს ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ.

შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორ ნაწილიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც - კონკრეტულ გვარებსა და გათავისუფლების მექანიზმებზეც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი არ მოაწერა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა.

კომენტარები