ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული 37 პაციენტია, 1 კრიტიკული, 3 მძიმე პნევმონიით

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს. აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, 3 პაციენტს კი მძიმე პნევმონია აქვს, თუმცა, როგორც ეზუგბაია განმარტავს, დაავადება არ პროგრესირებს, - "თუ ასე გაგარძელდა, მძიმე პაციენტებად აღარ ჩაითვლებიან".

მარინა ეზუგბაიას ცნობით, ინფექციური საავადმყოფოდან სამი გამოჯანმრთელებული ადამიანი გაეწერა. კლინიკამ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 132 პაციენტი მიიღო, აქედან 90 გამოჯანმრთელდა.

დღეს, 12 მაისის დილის მონაცმეებით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ვირუსით 639 ადამიანის დაინფიცირებაა გამოვლენილი.

12 მაისივე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 349-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.

საკარანტინო რეჟიმში 4 769 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414.

კომენტარები