Coda წერილი

CODA წერილი: COVID 19 მკურნალობის უცნაური მეთოდები და "გამარჯვების დღე"

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე.

ავტორი: სოფიკო ვასაძე

მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობამ 4,177,600 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილი 286,300-ზე მეტია. საქართველოში 639 ადამიანი დაავადდა და 11 გარდაიცვალა.

ინფოდემია პანდემიისას რუსეთში. 

რუსეთი მსოფლიოში კორონავირუსის ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრად იქცევა. ოფიციალური სტატისტიკით დღეში 10,000-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია.

Financial Times-ის დათვლით, სიკვდილიანობა 70%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა.

მაგრამ თუ ამ დღეებში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებს ცოტა ხნით მაინც უყურებდით, აუცილებლად გექნებოდათ განცდა, რომ რუსეთში კორონავირუსი კი არაა აქტუალური, არამედ მეორე მსოფლიო ომი, რომელიც თითქოს სულ ახლახანს დასრულდა და ყველანი ერთად ვზეიმობთ გამარჯვებას ნაციზმზე.

პუტინის რუსეთის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ნარატივმა კორონავირუსის ამბები დაჩრდილა.

დიპლომატები 9 მაისს.

შაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ტრამპისა და თეთრი სახლისკენ იყო მიმართული:

“ამ წმინდა დღეს ამერიკელ ბიუროკრატებს არ ეყოთ გამბედაობა და სურვილი, რომ აღენიშნათ ის საბჭოთა კავშირის ერთმნიშვნელოვანი როლი და კაცობრიობის სახელით წითელი არმიის მიერ გაღებული კოლოსალური მსხვერპლი. ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ ლაპარაკს ამ საკითხზე ამერიკის ოფიციალურ პირებთან” - ვკთხულობთ განცხადებაში. 

ეს განცხადება მოყვა ინსტაგრამზე თეთრის სახლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელიც 8 მაისს, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებულ ნაციზმზე გამარჯვებას ეხებოდა.

მომდევნო დღეს - რუსეთის პირველმა არხმა, 13 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა ამერიკის სკოლის სახელმძღვანელოების მიერ გავრცელებულ “ტყუილებს მეორე მსოფლიო ომზე”. 

ჟურნალისტმა: 

  • წაიკითხა ამონარიდი, სახელმძღვანელოდან და თქვა, რომ “ბევრს საუბრობენ ებრაელებზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმათზე, ვინც გაათავისუფლა ისინი.”
  • ჟურნალისტს ასევე ინტერვიუ ჰქონდა სკოლის მოსწავლესთან, რომელიც ამბობდა, რომ არაფერს ასწავლიან საბჭოთა კავშირის როლზე მეორე მსოფლიო ომში. 

რუსეთი ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებს დააბრალოს ისტორიის გადაწერა, მაშინ როცა თავად სწორედ ამას ცდილობს (ამაზე წერილის ბოლოს კიდევ მოგიყვებით).

2019 წლის სექტემბერში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია რუსეთს საბჭოთა კავშირის დანაშაულებების “გათეთრებაში” ადანაშაულებს და წევრ სახელმწიფოებს სკოლის სახელმძღვანელოებში ტოტალიტარული რეჟიმების შედეგების ანალიზზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს.  

ვლადიმირ პუტინის რუსეთში ადამიანებს აჯარიმებენ  სტალინისა და ჰიტლერის შედარებისთვის, ან საბჭოთა კავშირის პოლონეთში შეჭრის ისტორიული ფაქტების მოყვანისთვის.

სანამ სახელმწიფო მედია დაკავებული იყო, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით მათ გამორჩათ, გაეშუქებინათ, რომ:

  • 300 რუსი ჯარისკაცი დაინფიცირდა COVID-19-ით 9 მაისის აღლუმის რეპეტიციაზე, რომელიც საბოლოოდ არც ჩატარებულა.  
  • იმის გამო, რომ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს თუ რამდენი ექიმი შეეწირა კორონავირუსს, ამიტომ თავად მედიკოსებმა შექმნეს ანონიმურად ციფრული “მეხსიერების სია”, რომ მათი დაღუპული კოლეგების რაოდენობა დათვალონ. ახლა იქ 126 სახელი წერია.
  • სამი რუსი ექიმისგან, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაურკვეველ ვითარებაში გადმოვარდნენ ფანჯრიდან, ორი მათგანი საუბრობს სამედიცინო აღჭურვილობის არარსებობაზე საავადმყოფოებში. 

უშიშარი ბელორუსი. 

ადრე იმაზე გიამბეთ, პანდემიისას როგორ ითამაშა ჰოკეი პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გულშემატკივრებით სავსე დარბაზში.

ბელორუსში არც ახლა უფრთხიან ვირუსს, მიუხედავად მზარდი სტატისტიკისა, მინსკში მაინც ჩატარდა ფართომასშტაბიანი აღლუმი 9 მაისს, რომელსაც  11,000 ადამიანი ესწრებოდა. 

თანაც ზეიმზე VIP ადგილებიც იყო გამოყოფილი მათთვის, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, მათ ლოჟაში სთავაზობდნენ ადგილებს.

“ჩვენ არ შეგვეძლო აღლუმის გაუქმება. უბრალოდ, არ შეგვეძლო. რას იტყვის ხალხი? შეიძლება, დღეს არა, მაგრამ ორ დღეში იტყვიან, რომ ჩვენ შეგვეშინდა” - თქვა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

რას ვკითხულობ:

რუსეთის მთავრობას ძალიანაც არ მოსწონს, მაგრამ სწორედ ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაფერ ამაზე, ღიად და ხშირად ვისაუბროთ.

ჩემმა ოჯახმაც საკუთარ თავზე გამოსცადა სტალინის ტერორი. ცოტა ხნის წინ შემთხვევით ბებიაჩემის წერილი ვიპოვე სახლში, საიდანაც ეს ფრაზა დამამახსოვრდა და ალბათ, სამუდამოდ: “ხანჯლით აჩეხეს ჩვენი სახლი და სამუდამოდ დაარბიეს ჩვენი ამღერებული ოჯახი...” 

“აღმა დინების წინააღმდეგ”- ანა ესკურის ავტობიოგრაფიული რომანია. თუ გინდათ, გაიგოთ, როგორ შეიძლება, განსაზღვროს უდანაშაულო ადამიანის ბედისწერა პოლიტიკურმა ფსიქოზმა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ნამდვილად გირჩევთ ამ წიგნს.

ისტორია, რომელიც ერთის მხრივ, ყველა ჩვენი დიდ ტერორგამოვლილი ოჯახების ამბებს აერთიანებს. 

თუმცა, გადარჩენისთვის დინების წინააღმდეგ ცურვას ყოველთვის აქვს აზრი. ძალადობის ბუნების სულისშემძვრელ ამბებს გვიყვება ფინელი ქალი ანა-ემილია ესკური.

რომანი პირველად 1983 წელს გამოიცა ფინეთში და წლის საუკეთესო ხუთ წიგნს შორის დასახელდა. დღეს უკვე მისი ქართულენოვანი ელექტრონული ვერსია მოიპოვება.

იძულებითი შრომითი ბანაკები 28 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიარა, თუმცა საბჭოთა ავტორიტარიზმის თვითმხილველები დრო და დრო სულ უფრო ცოტანი რჩებიან.

Coda Story-ის პროექტი “გულაგების თაობა”, სწორედ, საბჭოთა ტერორის ცოცხალი მომსწრეების მიერ მოყოლილ ამბებს უყრის თავს.

თითოეული ისტორია თამამად შეიძლება, ჩაითვალოს, სისასტიკის მამხილებელ დოკუმენტად, ოდესმე რუსეთის მთავრობა ნიურნბერგის მსგავსი პროცესის ჩატარებით რომ ყოფილიყო დაინტერესებული.

მეტიც, კრემლი უკვე წლებია ისტორიის გადაწერას ცდილობს. რუსეთში გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მათ არასოდეს სმენიათ დიდი ტერორისა და სტალინისტური “წმენდის” შესახებ და თავად სტალინიც არასოდეს ყოფილა ასეთი პოპულარული, როგორც ახლა.

ბოლო 2019 წლის გამოკითხვის შედეგად, რუსების 70% დადებითად აფასებს სტალინის როლს მსოფლიო ისტორიაში.

თქვენ კი ტრადიციულად ჯანმრთელობასთან ერთად, 

სწორ ისტორიულ მეხსიერებას გისურვებთ 

სოფიკო 

კომენტარები