ეკლესია და კორონავირუსი

ეპისკოპოსი მიქაელი: ვუჭერ მხარს ვაქცინის შექმნას, რომლითაც ყველა მართლმადიდებელი გახდება

"მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ", - ასე პასუხობს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი ჟურნალისტის კითხვას, დაუჭერს თუ არა ის მხარს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

მღვდელმთავრები ანტივაქსერულ, ჯანმრთელობისთვის სახიფათო განცხადებების კეთებას განაგრძობენ. მეუფე მიქაელის თქმით, კორონავირუსს ზიარება და ნაკურთხი წყლის გამოყენება კურნავს.  

"კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაზე [პასუხი] ჩემო საყვარელო, კეთილო ადამიანებო არის მაცხოვრის სისხლი და ხორცი, საკურნებლად სულისა და ხორცისა, ნაკურთხი წყალი ", - ამბობს ეპისკოპოსი. 

ანტი-მეცნიერული განცხადება გააკეთა კუმურდოს, ახალქალაქის და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმაც და აღნიშნა, რომ თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს "ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება". ის ამით ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, "ადამიანებს დაიმონებს" და "დღევანდელი ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება, რომ ადამიანები თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს". 

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმეც მიიჩნევს, რომ ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. მისივე თქმით, კომისია შედგება და საკითხს განიხილავს.

ანტივაქსერულ კამპანიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში გამოეხმაურა და თქვა, რომ "ანტივაქსერებმა ვერ დაძლიეს საღი აზრი - ვაქცინა მედიცინის აღმოჩენათა სამეულშია". მისივე თქმით, "კაცობრიობას ვაქცინაზე უკეთესი წამალი, ასე ვთქვათ, რომელიც იცავს ადამიანის სიცოცხლეს, ჯერ არ გამოუგონია".

კომენტარები