8 მარტის შეთანხმება

კაპანაძე: არ შეიძლება ოპოზიციურმა პარტიამ იმით იმოქმედოს, რას დააბრალებს ხელისუფლება

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თუკი ქართული ოცნება არ შეასრულებს შეთანხმების იმ პუნქტს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება, მისი პარტია საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს. 

კაპანაძის განმარტებით, ევროპული საქართველოსთვის ეს შეთანხმება ორნაწილიანია და სწორედ ამიტომ, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. 

"შეთანხმების ნაწილია, როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისე საარჩევნო სისტემის ცვლილების მხარდაჭერა. თუ პირველი მოსმენისას არ იქნებიან პოლიტპატიმრები გათავისუფლებულები და ისე შეიტანს ქართული ოცნება კენჭისყრაზე კანონპროექტს, მაშინ ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ", - ამბობს კაპანაძე TV პირველის ეთერში. 

დეპუტატის განმარტებით, თუკი ბიძინა ივანიშვილის მიმართ იქნება გზავნილი, რომ მას მორიგჯერზე შეუძლია ქართული საზოგადოების გადაგდება, ამჯერად პოლიპატიმრებზე, ეს ქვეყანას კიდევ უფრო დიდ კრიზისამდე მიიყვანს. 

"ხვალ შეიძლება, უარესი რამ გააკეთოს იმის მოლოდინით, რომ ესეც გაუვა", - ამბობს კაპანაძე. 

წამყვანის შეკითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ქართულმა ოცნება შეთანხმების დარღვევაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას დააკისრებს, კაპანაძე პასუხობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვეულებრივი ამბავია ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის ყველაფრის დაბრალების მცდელობა - დაწყებული სენატორებისა და კონგრესმენების განცხადებით და დამთავრებული კრიტიკული სტატიებით უცხოურ მედიაში. 

"არ შეიძლება ოპოზიციურმა პარტიამ იმის მიხედვით იმოქმედოს, რას დააბრალებს ხელისუფლება. იყო კომპრომისული შეთანხმება, 120/30-ზე, რომლის პაკეტშიც არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თუ ის დაარღვევს ერთ ნაწილს, მაშინ შეთანხმების დარღვევაზეც პასუხისმგებელი ისაა", - ამბობს კაპანაძე. 

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრების სერია 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა, რომელიც ორ პუნქტს მოიცავდა - ერთი, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა, ხოლო მეორე - საარჩევნო სისტემის ცვლილებას 120/30-ზე პრინციპით. 

ქართული ოცნება საჯაროდ არ აღიარებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება და მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ჰყავს პოლიტპატიმრების. იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, პარლამენტის დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილისა და საპარლამენტო პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებები. 

მმართველი გუნდის მხრიდან იმის ერთხმად მტკიცებას, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრებს არ ეხებოდა, 11 მაისს ჯერ ფასილიტატორების განცხადება მოჰყვა, ხოლო 12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის.  

"საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ველი, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით", - დაწერა რიშმა. 

კომენტარები