საარჩევნო შეთანხმება

თამარ ხულორდავა: შეთანხმება ქართული ოცნებისთვის ახალი ფურცლის გადაშლის შესაძლებლობა იყო

პარლამენტი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ხულორდავას თქმით, "ქართულ ოცნებას" შესაძლოა ჰგონია, რომ ბოლო პერიოდში პოზიციები გაიძლიერა და კომპრომისზე წასვლა აღარ სჭირდება. თუმცა, მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევასი ზიანი ძალიან დიდი იქნება, რასაც ხელისუფლება მიიღებს.

"არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს ზიანი საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, უკვე მიღებული აქვს. 8 მარტის შეთანხმება ქართული ოცნებისთვის გარკვეულწილად გამოსავალი იყო, რომ ახალი ფურცელი გადაეშალა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ძალიან დიდი საერთაშორისო ზეწოლა მოყვა მერე მის ნაბიჯს და გვახსოვს ჩვენ ის წერილების კასკადი, რომელიც მოდიოდა ხან ევროპიდან, ხან აშშ-დან და მაშინ გარკვეულწილად განიმუხტა სიტუაცია იმით, რომ ეს შეთანხმება შედგა", - თქვა მან.

თამარ ხულორდავას თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა და ამის უარყოფა შეუძლებელია.

"ჯერ კიდევ არსებობს ძალიან მცირე შანსი, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე მივიდეს, მე დიდწილად საკონტიტუციო ცვლილებები მაქვს მხედველობაში, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შეთანხმება ფაქტია, რომ შედგებოდა ორი ნაწილისგან, ამის უარყოფას ვერავინ მოახერხებს, ლაპარაკი იმაზე, ვის როგორ ესმის შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც მართლმსაჯულებას და პოლიტიკურ დევნას ეხებოდა. რათქმაუნდა გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს, არა ყველას, ამ საკითხის მიმართ ჰქონდა განსაკუთრებული პარტიული ინტერესი და ეს სრულიად გასაგებია", - თქვა მან.

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრების სერია 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა, რომელიც ორ პუნქტს მოიცავდა - ერთი, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა, ხოლო მეორე - საარჩევნო სისტემის ცვლილებას 120/30-ზე პრინციპით. 

ქართული ოცნება საჯაროდ არ აღიარებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება და მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ჰყავს პოლიტპატიმრების. იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, პარლამენტის დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილისა და საპარლამენტო პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებები. 

მმართველი გუნდის მხრიდან იმის ერთხმად მტკიცებას, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრებს არ ეხებოდა, 11 მაისს ჯერ ფასილიტატორების განცხადება მოჰყვა, ხოლო 12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის.  

კომენტარები