დაინფიცირებული ბრალდებული

პენიტენციური სამსახური: სარფში დაკავებულ პირს კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა

CNN

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული რ. მ. მიმდინარე წლის 24 აპრილს სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს და პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. 

"მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლადმიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. ხოლო ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით", - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სარფში 24 აპრილს დაკავებულ პირს კორონავირუსი დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით დაუდასტურდა. 

"ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ", - წერია განცხადებაში.

საქარველოში 12 მაისის დილის მონაცემებით, 24 საათში, კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა. 

სულ ქვეყანაში 639 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 349 გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები