საარჩევნო შეთანხმება

სესიაშვილი: პოლიტპატიმარი არ გვყავს, მზად ვართ საერთაშორისო საზოგადოებას საქმეები გავაცნოთ

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

ქართული ოცნება კვლავ უგულებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, შეასრულოს 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

ირაკლი სესიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის მესიჯი, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და აღნიშნა, რომ " იმ პირების უკან, ვისაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ, დგას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები და თუ ვინმეს და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის ინტერესი ამ საქმეებთან მიმართებაში, ჩვენი სახელმწიფო მზად არის დეტალურად გააცნოს ინფორმაცია ამის შესახებ".

მისივე თქმით, 8 მარტის ხელშეკრულებაში დადასტურებულია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება და დღევანდელი პროცესები ამის საწინააღმდეგოა. სესიაშვილი ამბობს, რომ ოპონენტებმა "კარგად იციან რომ არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების შანსი" და შეთანხმების არშესრულების სურვილი ამიტომაც აქვთ.  

მისივე თქმით, შეთანხმებაში, ძალიან მკაფიოდ არის ყველაფერი გაწერილი, ოპოზიცია კი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა.

"თუ ჩვენ რაიმე განცხადებებს ვისმენთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ქვეყნების ლიდერების მხრიდან, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყურადსაღებია, თუმცა, არსებობს მათი ობიექტური თუ სუბიექტური შეხედულებები, არსებობს პოლიტიკური მიკერძოებულობა, შეიძლება არსებობდეს კიდევ სხვა საფუძველი, მაგრამ მთავარია, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები დავიცვათ, უნდა ვიყოთ იმ ფასეულობების ერთგული რაც გულისხმობს რომ მართლმსაჯულებაში არანაირი პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს, რაზეც შევთანხმდით",- ამბობს ირაკლი სესიაშვილი. 

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრების სერია 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა, რომელიც ორ პუნქტს მოიცავდა - ერთი, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა, ხოლო მეორე - საარჩევნო სისტემის ცვლილებას 120/30-ზე პრინციპით. 

ქართული ოცნება საჯაროდ არ აღიარებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება და მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ჰყავს პოლიტპატიმრების. იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, პარლამენტის დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილისა და საპარლამენტო პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებები. 

მმართველი გუნდის მხრიდან იმის ერთხმად მტკიცებას, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრებს არ ეხებოდა, 11 მაისს ჯერ ფასილიტატორების განცხადება მოჰყვა, ხოლო 12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის.  

კომენტარები