8 მარტის შეთანხმება

თალაკვაძე საელჩოების განცხადებაზე: "სერიალის გმირს ჰგავხართ" - ეს აღქმაა, თუ რეალობა?

0 კომენტარი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, თქმით, ფაქტი, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა გაკრიტიკებული, ეს "აღქმებია, რომლებსაც ოპოზიციის პროპაგანდისტული მანქანა". 

რუსთავი 2-ის წამყვანმა თალაკვაძეს საელჩოების განცხადება შეახსენა, სადაც 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორები წერენ, რომ ამ შეთანხმების ერთი ნაწილი "ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს" და ჰკითხა, ეს განცხადებაც იყო თუ არა აღქმა. 

"რა თქმა უნდა [აღქმაა]. ჰგავს, აბა, რა არის? თქვენ რომელიღაც სერიალის გმირს ჰგავხართ, ეს აღქმაა, თუ რეალობა? ან თქვენ, როგორც მახსოვს, თამაშობთ რომელიღაც ფილმში, ეს აღქმაა, თუ რეალობა?" - პასუხობს თალაკვაძე. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ორნაწილიანია. ერთი ნაწილი პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება, ხოლო მეორე ნაწილი - საარჩევნო სისტემის ცვლილებას. 

ქართული ოცნების ლიდერები შეთანხმების პირველ ნაწილს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ოპიზიცია იტყუება, თუმცა აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისა და შეხვედრაზე მონაწილე ყველა მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრებს ნამდვილად ეხებოდა. 

იმ ფონზე, რომ ქართული ოცნების ლიდერები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ ერთი, საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს და მეორე, 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ეხებოდა, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა და ქართულ ოცნებას შეთანხმების ორივე ნაწილი შეახსენა. 

"საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ველი, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით", - დაწერა რიშმა. 

პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.

11 მაისს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირმა 8 მარტის მემორანდუმის ხელმომწერებს მოუწოდეს, სრულად დაიცვან შეთანხმება და რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან. 

"ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს",- წერია განცხადებაში.

11 მაისს განცხადება გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმაც და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია, რომ დასრულდეს ეს ამბავი და წინ წავიწიოთ".

ის, რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე, კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს, მედიასთან დაადასტურა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმაც. მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილეს კონკრეტული გვარებიც და გათავისუფლების მექანიზმებიც. პოლიტპატიმრების შესახებ მემორანდუმს პატრიოტთა ალიანსმა ხელი სწორედ ამის გამო არ მოაწერა.

ამასვე ადასტურებს ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც შეხვედრებიც ციკლის მონაწილეც იყო. ჩუგოშვილის თქმით, ის მოწმეა, რომ შეთანხმება კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე რეაგირებასაც მოიცავდა. 

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ. 

შეთანხმება რამდენიმეთვიანი დაძაბული პროცესის, საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დევნის ფონზე, პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. ამით მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც, პარტიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივად დაშლის და გამწვავებული პროტესტის შემდეგ გასცა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები