8 მარტის შეთანხმება

თალაკვაძე: ჩუგოშვილს არც ერთ შეხვედრაზე მოუსმენია კონკრეტული პირების გათავისუფლების პირობა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მისი ყოფილი თანაგუნდელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ჩუგოშვილს არცერთ შეხვედრაზე არ მოუსმენია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კონკრეტული პირების გათავისუფლების პირობა. თალაკვაძემ ამის შესახებ რუსთავი ორის ეთერში, გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა. 

თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი ლიდერია, თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება საკონტიტუციო ცვლილებების გარდა გულისხმობდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეაგირების აუცილებლობას.

"მე ამ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, როგორც საარჩევნო სისტემით დაინტერესებული დეპუტატი და შესაბამისად, ვიყავი მოწმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების", - ამბოობს ჩუგოშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე იტყუება თუ არა ჩუგოშვილი თალაკვაძე იმეორებს, რომ ჩუგოშვილს მსგავსი პირობა არ მოუსმენია. 

"მესმის, რომ ყველა ნერვიულობს ამ საკითხზე, მათ შორის თამარ ჩუგოშვილიც, მე გარწმუნებთ და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არცერთ შეხვედრაზე ჩვენგან მას ასეთი პირობა არ მოუსმენია, არც ფორმალურ დიალოგზე, არც იმ შეხვედრებზე, რომელიც დახურულ ფორმატში ტარდებოდა არ მოუსმენია," - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძე ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ოპონენტების მიერ პოლიტპატიმრების საკითხზე გაკეთებული კომენტარები არის მანიპულაცია და დემაგოგია. 

"ორი ყველაზე ხშირი ფრაზა, რომელსაც ისინი ამბობენ არის - ამაზე იყო საუბარი - ეს საკითხი იყო განხილული და მერე მიაყოლებენ ამ ტექსტს, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ა. შ. ამაზე ძალიან კონკრეტულ პასუხს გეტყვით მე. დიახ, თითქმის ყველა შეხვედრაზე, ოპოზიცია და განსაკუთრებით ეს რადიკალური ნაწილი, აყენებდა საკითხს უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას შესახებ, ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა ეს თემა, მაგრამ ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს ჩვენგან მკაფიო პასუხი, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება არ და ვერ იქნებოდა ამ შეთანხმების ნაწილი", - ამბობს თალაკვაძე.

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრების სერია 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა, რომელიც ორ პუნქტს მოიცავდა - ერთი, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა, ხოლო მეორე - საარჩევნო სისტემის ცვლილებას 120/30-ზე პრინციპით. 

ქართული ოცნება საჯაროდ არ აღიარებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება და მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ჰყავს პოლიტპატიმრების. იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, პარლამენტის დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილისა და საპარლამენტო პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებები. 

რას ამბობს თალაკვაძე 8 მარტის შეთანხმებაზე და რა განცხადებებს აკეთებდნენ პარტნიორები.

მმართველი გუნდის მხრიდან იმის ერთხმად მტკიცებას, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრებს არ ეხებოდა, 11 მაისს ჯერ ფასილიტატორების განცხადება მოჰყვა, ხოლო 12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის, რომელიც პირდაპირ წერს, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით"

 

 

 

 

კომენტარები