კორონავირუსის ვაქცინა

ფაუჩი: კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე 8 ვარიანტის კლინიკური ცდები მიმდინარეობს

ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ სენატორებს უთხრა, რომ ამ დროისათვის კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე 8 ვარიანტის კლინიკური ცდები მიმდინარეობს და შესაძლოა, ვაქცინა შემოდგომისათვის იყოს მზად.

მისივე თქმით, წინა განცხადება იმის თაობაზე, რომ ვაქცინის შექმნას 12-დან 18 თვემდე დასჭირდებოდა, შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს.

"ჩვენ ბევრი კანდიდატი გვყავს და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე გამარჯვებული გვეყოლება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გლობალურ ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს, თუ რამდენიმე წარმატებული კანდიდატი გვეყოლება", - თქვა ფაუჩიმ.

თუმცა, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ვადების შემცირება გარკვეულ რისკებს შეიცავს:

"ჩვენ დოზების შექმნაში რესურსებს მანამ ჩავდებთ, სანამ გვეცოდინება, მუშაობს თუ არა ესა თუ ის კანდიდატი. არსებობს რისკი, რომ ნეგატიური შედეგი იქნება", - თქვა მან.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ამაში ჩადებული ფული მცირე საფასურია იმასათვის, რომ ვაქცინის წარმოების პროცესი დაჩქარდეს და მოსახლეობისათვის უფრო მალე გახდეს ხელმისაწვდომი.

ვაქცინები, რომლებიც ტესტირებას ვერ გაივლის და ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდება, საჯარო მოხმარებისათვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ თავად ენტონი ფაუჩი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და სენატში მოსმენაზე ვიდეოზარით ჩაერთო.

ფაუჩის გარდა, თვითიზოლაციაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი და საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი გადავიდნენ. ისინი მუშაობას დისტანციურად აგრძელებენ. მათ კონტაქტი ჰქონდათ პირთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში განაცხადეს, რომ ენტონი ფაუჩის კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა რეგულარულად ჩაიტარებს ტესტირებას და თვითიზოლაციაში დარჩება. მათივე განცხადებით, თუ ფაუჩის თეთრ სახლში იხმობენ, ის გამოცხადდება, თუმცა, უსაფრთხოების ყველა ზომას დაიცავს.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსი სულ 1 408 636 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 83 425, გამოჯანმრთელდა 296 746 ადამიანი.

კომენტარები