8 მარტის შეთანხმება

მელია საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩაშლაზე: ყველაფრის საფრთხე არსებობს

ლეიბორისტული პარტიის ოფისის ეზოში ოპოზიციის გაფართოებული შეხვედრა დაიწყო. ოპოზიციური პარტიები 8 მარტის შეთანხმებასა და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ქართული ოცნების განცხადებებზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც, ერთიან განცხადებას შეიმუშავებენ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლის საფრთხე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია პასუხობს, რომ ყველაფრის საფრთხე არსებობს. 

"ამაზე უფრო მძიმე საფრთხეებიც არსებობს, სანამ ამ ქვეყანას სათავეში უდგას მილიარდერი ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე ფიქრობს, ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებს - საარჩევნო სისტემის არმიღებით დაწყებული, სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით დამთავრებული. ეს არის ცხადზე უცხადესი რამ, ეს არის მოცემულობა, რომელსაც წლის ბოლოს აუცილებლად უნდა მოეღოს ბოლო და მოეღება ბოლო" - ამბობს მელია.

კითხვაზე, რა არის ოპოზიციის გეგმა, ენმ-ის წევრი პასუხობს, რომ "ხალხი იქნება ოპოზიციასთან და ოპოზიცია იქნება ხალხთან". ის დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოს ქართული ოცნება არჩევნებში დამარცხდება.

"ბიძინა ივანიშვილს თუ მივცემთ შესაძლებლობას, ის არასდროს წავა ხელისუფლებიდან, მაგრამ აღარ მივცემთ, ეს არის ჩემი ძალიან მოკლე ჩემი შეფასება" - ამბობს მელია. 

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, მმართველი გუნდის მტკიცებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და "ვერ ვიფიქრებთ იმ პირობის შესრულებაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს".

შეთანხმების გაფორმებას პარტნიორი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ. მათ საერთო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მემორანდუმი ორნაწილიანია და ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი - ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

კომენტარები