კორონავირუსი გერმანიაში

16 მაისიდან გერმანია მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო კონტროლის ზომებს შეამსუბუქებს

DW

16 მაისიდან გერმანია კორონავირუსის გამო შემოღებული სასაზღვრო კონტროლის ზომების შემსუბუქებას დაიწყებს. მოსალოდნელია, რომ მეზობელ ქვეყნებთან დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვები 15 ივნისისთვის მოიხსნება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასმა ევროკავშირის ქვეყნებს ამ საკითხზე კოორდინაციისაკენ მოუწოდა.

"აუცილებელი არაა, ერთად განვახორციელოთ ეს, თუმცა დასწრება არ უნდა იყოს, ერთმანეთს ფეხზე არ უნდა დავაბიჯოთ", - თქვა მან.

16 მაისიდან გერმანია შეზღუდვებს შეამსუბუქებს საფრანგეთთან, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან, ხოლო სრულად გახსნის ლუქსემბურგთან. სასაზღვრო კონტროლი კვლავ ძალაში დარჩება, თუმცა შემოწმება შემთხვევითი შერჩევით მოხდება. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საზღვარი ისევ დაიკეტება, თუ სიტუაცია გაუარესდება.

ბოლო მონაცემებით გერმანიაში ახალი კორონავირუსის სულ 173 273 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 102 ახალი შემთხვევა და ვირუსით გარდაცვალების 16 ფაქტი. სულ კორონავირუსს ქვეყანაში 7 754 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 148 700.

გერმანიის კანცლერის, აგელა მერკელის გადაწყვეტილებით, 10 მაისიდან მაღაზიების გახსნა ნებადართულია, მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდებიან, ხოლო ბუნდესლიგა - გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი - მომავალ შაბათ-კვირას გაიხსნება.

მერკელმა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება გერმანიის 16 რეგიონის მმართველთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო, თუმცა, მისივე განცხადებით, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება, თუ კორონავირუსი 100 000 მოქალაქიდან 50-ს ან მეტს დაუდასტურდება.

კომენტარები