8 მარტის შეთანხმება

ნათელაშვილი: სანამ პოლიტიკური პატიმრები თავისუფლები არ იქნებიან, ბოიკოტი არ მოიხსნება

ipress

ცოტა ხნის წინ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, მანამ, სანამ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებულები არ იქნებიან, ოპოზიცია ბოიკოტის მოხსნასა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს.

"ისტორიული დღე გახლდათ, კვლავ გაგრძელდა საერთო, სახალხო წინააღმდეგობის ფრონტი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ და საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთსულოვნად დაადასტურეს ნება ხალხისა და საზოგადოებისა, რომ არავითარი კომპრომისი, არავითარი უკანდახევა არ იქნება იმ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება პოლიტიკური ტერორის შედეგთა გადალახვას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფლები, არავითარი ბოიკოტის მოხსნა, არავითარი კომპრომისი ხელისუფლებასთან და საკონსიტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემა არ იქნება. ეს გამორიცხონ", - თქვა მან.

შალვა ნათელაშვილის თქმით, მან შეხვედრაზე თავის კოლეგებს გაუზიარა იდეა, რომ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, ფიზიკური დისტანციის დაცვით საპროტესტო აქცია ჩატარდეს.

"ჩემი აზრიც მინდა მოგახსენოთ, რაც გავუზიარე კოლეგებს და ეს წავა განხილვაში, რომ 20 ივნისს, დისტანციის დაცვით უნდა ჩატარდეს დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველზე, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელ მსოფლიიოს და რაც მთავარია, ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე, მათი ბოროტება, მათი ნამოქმედარი 20 ივნიის და, რომ წინააღმდეგობა არის სახალხო და არა მარტო ოპოზიციის", - თქვა მან.

დღევანდელ შეხვედრაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა 8 მარტის შეთანხმებასა და მასთან დაკავშირებით ქართული ოცნების განცხადებებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციამ საერთო განცხადება გაავრცელა.

"პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება", - წერენ ისინი.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, მმართველი გუნდის მტკიცებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და "ვერ ვიფიქრებთ იმ პირობის შესრულებაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს".

შეთანხმების გაფორმებას პარტნიორი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ. მათ საერთო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მემორანდუმი ორნაწილიანია და ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი - ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

კომენტარები