კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ბელარუსს არავინ ახსენებს, შვედეთთან შედარებით კიდევ უფრო შორს წავიდა

რუსთავი 2

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ე.წ კომენდანტის საათთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს და ამბობს, რომ აქტიურად განიხილება, როგორც კომენდანტის საათის დროის შემცირების, ისე საერთოდ მისი მოხსნის საკითხიც. 

იმნაძის თქმით, NCDC-ის ყველა რეკომენდაცია და, შესაბამისად, ამას მოყოლილი სახელმწიფოს რეგულაციებიც მიმართული არ ყოფილა ამ ქვეყნის "ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებლად". 

"ლაპარაკი იყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაზე. აქ საკითხი, უბრალოდ, ასე იდგა. ჩვენ ვერ ვაქცევდით საქართველოს ექსპერიმენტულ ველად, რომ მერე დაგვეთვალა, რა მოხდებოდა ქვეყანაში", - ამბობს იმნაძე. 

ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა შვედეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შვედურ მიდგომაზე საუბრობენ, იქვე არ ადარებენ შვედეთის მონაცემებს მისი მეზობლების, იგივე სკანდინავიური ქვეყნების მონაცემებს. 

"სხვათა შორის, არავინ ახსენებს ბელარუსს. იმიტომ, რომ ახლა ბელარუსი კიდევ უფრო შორს წავიდა შვედეთთან შედარებით და დიდი თავყრილობები საერთოდ არ აუკრძალია. შვედეთის შედარება ქართველებთან... 50%-ზე მეტი შვედი ცალკე ცხოვრობს ბინებში. არ სჭირდებათ კარანტინი, სოციალურ დისტანცირებას ისედაც იცავენ, მათი ცხოვრების წესი", - თქვა იმნაძემ. 

ეპიდემიოლოგის განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მთავარი ამოცანა იყო, რომ ინფექციის გავრცელება შეეკავებინა იმ დროს, როდესაც მსოფლიოში არ არსებობდა არაფერი კონკრეტული ვირუსთან დაკავშირებით. 

"უნდა დავლოდებოდით, რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში და იმათ მაგალითზე ჩვენ მოვზადებულიყავით. ამიტომ იყო ეს ყველა შეზღუდვა ჩვენთან", - ამბობს იმნაძე. 

NCDC-ის წარმომადგენლის თქმით, მათ თავის დროზე არ გამოუქვეყნებიათ "ძალიან პესიმისტური პროგნოზები", რომელიც მათ ჰქონდათ, თუ რა მოხდებოდა დაავადების გავრცელების შემთხვევაში ქვეყანა. 

"რაც დღეს გვაქვს ფატალური შედეგები, იქნებოდა 100-ჯერ კი არა, 200-ჯერ მეტი. ეს არის რეალობა. ნელნელა ყველაფერი გაიხსნება, კომენდანტიც გაიხსნება, აქტივობებიც გაიხსნება და ეს ყველაფერი მოხდება სიფრთხილის ხარჯზე", - თქვა იმნაძემ. 

შვედეთმა, სადაც ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 27 909 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 3 460 ადამიანი გარდაიცვალა, 4 971 კი - გამოჯანმრთელდა, ვირუსთან ბრძოლის განსხვავებული მიდგომა აირჩია. სკოლები არ დაკეტილა, ბიზნესების უმეტესი ნაწილი, მათ შორის რესტორნები და ბარები, ღიაა, მოქალაქეებს კი გადაადგილების უფლება შეზღუდული არ აქვთ.

30 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მედიცინის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა, თქვა, რომ შვედეთის შემთხვევა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მომავლის მოდელს წარმოადგენს.

წაიკითხეთ შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის და არჩეული სტრატეგიის ავტორის, ანდერს ტეგნელის, ინტერვიუ, რომელიც ხსნის, რატომ აირჩია ქვეყანამ ეს მეთოდი და რატომ ჰყავთ უფრო მეტი გარდაცვლილი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებს.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 647 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 372 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 კი - გარდაიცვალა. ქვეყანაში უკვე ერთ თვეზე მეტია საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილება აკრძალულია. ასევე აკრძალულია ავტომობილში მძღოლის გვერდით ჯდომა, მიუხედავად იმისა, უცნობი ადამიანია, თუ ოჯახის ახლო წევრი. 

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს მთავრდება, იქამდე კი შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. ამ დროისთვის აღდგენილია ავტომობილების გადაადგილება და გახნილია ის ქალაქებიც, რომელიც ჩაკეტილი იყო - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თბილისი. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 

ამ ყველაფრის ფონზე იანვრიდან აპრილამდე ექსპორტი 11.9%-ით, იმპორტი კი 11.8%-ით შემცირდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კი საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5.5%-მდე შეამცირა.

კომენტარები