კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: წელს ხალხმრავალ შეკრებებზე, ალბათ, უარის თქმა მოგვიწევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, წელს, მოსახლეობამ დიდი შეკრებებისგან თავი უნდა შეიკავოს. გამყრელიძე პასუხობს კითხვას, თუ როდის მოიხსნება თავშეყრაზე შეზღუდვები. 

"პირდაპირ ვთქვათ - თანაცხოვრება კორონავირუსთან გულისხმობს, რომ ზოგიერთ იმ ჩვენ ძალიან კარგ ტრადიციებზე, რაც გვაქვს, წელს თავი უნდა შევიკავოთ.

განსაკუთრებით, შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები, ალბათ წელს ამაზე მოგვიწევს უარის თქმა," - ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი კი ურჩევს მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება მეტად და დიდხანს შეიკავონ თავი ხალხმრავალი შეკრებებისგან.

"ეპიდემიოლოგებს უნდათ, რაც შეიძლება ცოტა იყოს ავადობა და ცოტა ავადობა პირდაპირპროპორციულია იმისა, რამდენი ადამიანი შეიკრიბება სადმე ერთად", - ამბობს ზახაშვილი.

საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი.

კომენტარები