ევროკავშირი-საქართველო

კუბილიუსი: საქართველოსადმი EU-ს დახმარება მისგან დაპირების შესრულებასთანაა დაკავშირებული

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის, განცხადებით, საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს. 

კუბილიუსის განცხადებით, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან. ამის შესახებ განცხადება კუბილიუსმა Twitter-ზე გაავრცელა. 

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ ურთიერთნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზნებს. ეს ნდობა შეიძლება, დაეფუძნოს მხოლოდ პროგრესს იმ აღებული ვალდებულებების და დაპირებების შესრულებისა, მათ შორის მათი, რომელზე შეთანხმებაც მიღწეული იქნა 2020 წლის 8 მარტს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოში", - წერს კუბილიუსი. 

ანდრიუს კუბილიუსის განცხადება სრულად

"აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი ევროპის ნაწილია და რჩება ევროკავშირის გეოსტრატეგიულ პრიორიტეტად. ევროკავშირმა სწრაფად მიიღო მრავალი ზომა აღმოსავლეთ პარტნიორობის დასახმარებლად Covid-19-ის პანდემიასთან და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში დასახმარებლად. საერთო ჯამში, ევროკავშირი გამოყოფოს 3 მილიარდ ევროზე მეტს მთლიანად ევროკავშირის სამეზობლოსთვის, საიდანაც 962 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე წავა, მათ შორის საქართველოში. 

როგორც ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, მსურს, რომ ყურადღება გავამახვილო იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელიც აჭარბებს 500 მილიონ ევროს და რომელსაც ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები აძლევენ ადგილზე საქართველოს, რათა მან განახორციელოს რეფორმები, ებრძოლოს Covid-19-ის პანდემიასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს. 

ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალეობის სფეროებში. ჩვენ კვლავ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, მიაღწიოს უმაღლესი სტანდარტების სასამართლო სისტემას და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რომ დავეხმაროთ საქართველოს და მის ხალხს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ღია დემოკრატიული მმართველობისგან, ადამიანის უფლებების დაცვისგან, ეკონომიკური ზრდისაგან და კეთილდღეობისგან. 

2020 წლის მარტში კრიზისის დასაწყისიდანვე ევროკავშირი იდგა საქართველოს გვერდით. მან დაუყონებლივ დაიწყო გადაუდებელი ჯანდაცვის დახმარება, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ლიკვიდურობის გაზრდა, ჯამური 90 მილიონი ევროს დახმარებით. საქართველოსთვის გაგზავნილი სამედიცინო დახმარება მოიცავდა ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, ლაბორატორიულ ნაკრებს, ნიღბებს, სამედიცინო, უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვას და ასევე სამედიცინო და ლაბორატორიული პერსონალის მომზადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მიზნობრივი გრანტები დაეხმარება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა კრიზისით, სოციალურ მეწარმეობას, სოციალურ სერვისებს და ადამიანის უფლებების დაცვას.

2020 წლის აპრილში ევროკავშირმა საქართველოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის და საჯარო ფინანსების გაძლიერების პაკეტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გამოუყო მეორე ტრანში 183 მილიონი ევროს გრანტის ოდენობით.

ამ თანხების ნაწილი მიმართული იქნება, ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესების ხელმისაწვდომობას ლარში საკრედიტო ხაზებზე და გრანტებზე საკუთარი ბიზნესების გასაძლიერებლად და ხელახლა დასაწყებად. ეს დახმარება განხორციელებული იქნება ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რომლებიც იმუშავენ ადგილობრივ ბანკებთან და საკრედიტო ინსტიტუტებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, AFD-ისთან და KfW-ისთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მათ პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხების გაზრდაზე. 

აპრილის ბოლოს ევროკავშირმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მხარდაჭერის შესახებ 150 მილიონი ევროს ოდენობით გასაცემ სესხებზე საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს და შეამსუბუქებს ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საბიუჯეტო მხარდაჭერით გასაცემი სახსრების ნაწილი მიბმული იქნება საქართველოსთვის სპეციალურ პირობებზე, განსაკუთრებით, მიმდინარე რეფორმების განხორციელებაზე, სამართლის უზენაესობის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის სფეროებში. 

გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა, გაეზარდა საქართველოსთვის მიმდინარე პროგრამის მოცულობა 345 მილიონი ევროთი, რომელთაგან 280 მილიონი გამოყოფილი იქნება 2020 წელს. 

მე ვხედავ უპრეცენდენტო გამოწვევებს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის მართვაში, რომელსაც ექნება უდიდესი გავლენა საჯარო და კერძო სექტორზე საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგებით. ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ბიზნესს. აქედან გამომდინარე საჯარო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ყველა სოციალური და ეკონომიკური საშუალება ამის საპასუხოდ, რომელიც უდიდეს ხარჯს მოიტანს საჯარო ფინანსებისთვის არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ევროკავშირი პასუხისმგებლობას იღებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომლებმაც აირჩიეს ევროპული ინტეგრაციის რეფორმების გზა.

ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო გრძელვადიანი დახმარება ევროკავშირისგან ეკონომიკის აღდგენისა და რეფორმების მხრივ, შევიმუშავოთ დეტალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის ისე, როგორც ეს გეგმაა შემოთავაზებული დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისთვის. 

დღეს Covid-19-ის პანდემია, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი მოჰყვება, ყველას გვირტყამს ისე, როგორც არასდროს. ერთადერთი გზა, რომ დავძლიოთ ეს უდიდესი, მოულოდნელი გამოწვევა ევროპულ სოლიდარობაზე გადის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირი აკეთებს ძალიან ბევრს ახლა და უფრო მეტს გააკეთებს მომავალში, რომ დაეხმაროს საქართველოს და მის ხალხს. 

მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველო ჩვენი საერთო ძალისხმევით, მზად იქნება, გახდეს, ევროპის კავშირის წევრი. როგორც ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფო საქართველო, მე მჯერა, რომ ამ პასუხისმგებლობას აცნობიერებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თვალი გავუსწოროთ ამ გამოწვევას. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი გადის Covid-19-ის კრიზისს, ეწინააღმდეგება მათ შიდა საქმეებში ჩარევას და დეზინფორმაციის კამპანიას. 

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ ურთიერთნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზნებს. ეს ნდობა შეიძლება, დაეფუძნოს მხოლოდ პროგრესს იმ აღებული ვალდებულებების და დაპირებების შესრულებისა, მათ შორის მათი, რომელზე შეთანხმებაც მიღწეული იქნა 2020 წლის 8 მარტს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოში".

კომენტარები