8 მარტის შეთანხმება

კაპანაძე: ივანიშვილმა პირობა უნდა შეასრულოს, რომ დასავლეთის დახმარებას საფრთხე არ შეექმნას

პირველი არხი

"უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ ეს დახმარება არ დაკარგოს და მოხმარდეს საქართველოს და ქართველ ხალხს", - ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან საქართველოსთვის გამოსაყოფ დახმარებაზე ისაუბრა. საუბარია, 500 მილიონ ევროზე.

კუბილიუსის განცხადებით, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

კაპანაძე ამბობს, რომ ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს 8 მარტის შეთანხმებით, იყოს შესრულებული, რომ ასეთი საფრთხეები არ ჰქონდეს ქვეყანას.

"კუბილიუსმა თვითონვე მიაბა ეს დახმარება და თქვა, რომ ეს არის გადაჯაჭვული იმ ვალდებულებების შესრულებასთან, რომელიც უკავშირდება კანონის უზენაესობას და ა.შ.

ამ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღოთ მაქსიმალური ეკონომიკური დახმარება. ამიტომ, ისეთი მნიშვნელოვანი სენატორების, როგორიც არის მაგალითად, ჯეიმს რიში, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ხოლმე დახმარების საკითხებს, მათი მოწოდებები უნდა იქნას გათვალისწინებული", - ამბობს კაპანაძე.

კაპანაძე ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში პარტნიორებისგან გაკეთებული განცხადებები ნიშნავს იმას, რომ პარტნიორები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ჩვენთან ხელისუფლებას არ ასრულებს თავის დაპირებებს და ამასთანავე კაპანაძის თქმითვე, პარტნიორები არიან მოწადინებული, რომ საქართველომ მიიღოს დახმარება.

"ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ არის აღქმული, რომ შეთანხმება არის ორნაწილიანი და უნდა შესრულდეს ორივე ნაწილი. ამაზე ნათელი გზავნილები, რაც ბოლო დღეებში კეთდებოდა, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, უბრალოდ ძნელი მისაღებია. ამის არ შესრულება, რომ პოტენციურად საფრთხეს უქმნის ჩვენს ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან, იქნება ეს დახმარების, თუ სხვა კუთხით, ესეც არის ძალიან ძალინ ნათელი.

ამიტომ, ამ ცეცხლთან თამაში არ არის არავის ინტერესში. არ არის ხელისუფლების ინტერესში და არც საქართველოს მოსახლეობის ინტერესში", - ამბობს კაპანაძე. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული 8 მარტს შეთანხმება ორ პუნქტს მოიცავდა - ერთი პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა, ხოლო მეორე - საარჩევნო სისტემის ცვლილებას 120/30-ზე პრინციპით. 

ქართული ოცნება საჯაროდ არ აღიარებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება და მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ჰყავს პოლიტპატიმრები. იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს, მათ შორის, დასავლელი პარტნიორების არაერთი განცხადება. მაგალითად, საქართველოში აშშ-ის  და ევროკავშირის საელჩოების მიერ ოქრუაშვილის საქმეზე გაკეთებული განცხადებები.

ასევე ის განცხადებაც, რომლითაც 8 მარტის შეთანხმების კონტექსტში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში

"8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები