ქართველი ემიგრანტები

იტალიაში მიგრანტებს დროებით ლეგალურად ცხოვრებისა და შრომის უფლებას მისცემენ

პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ტერეზა ბელანოვა
Virgilio Notizie

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ მიგრანტებს, რომლებსაც ქვეყანაში ლეგალურად მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტები არ გააჩნიათ და რომლებიც მუშაობენ სოფლის მეურნეობასა, თუ ოჯახებში დამხმარეებად, დროებით ლეგალურად შრომის უფლებას მისცემენ. ამ უფლებით, მათ შორის, ქართველი ემიგრანტებიც ისარგებლებენ. 

იტალიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარეობს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, არალეგალურად დასაქმებულმა მიგრანტებმა სამედიცინო ხარჯების კუთხით ჯანდაცვის სისტემის შეღავათებით სარგებლობა შეძლონ.

"ჩვენ დანაშაულთან ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგზე გავედით და წერტილი დავუსვით დასაქმების შავ ბაზარს", - თქვა იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, პრესკონფერენციაზე. 

კონტეს განმარტებით, ამ კრიზისის დროს მიგრანტი დასაქმებულები "მისაღები დონის ჯანდაცვას" მიიღებენ. 

იტალიური მედიის ცნობით, ახალი წესები იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის 8 მარტამდე შევიდნენ, აძლევს უფლებას, რომ შეავსონ განაცხადი იტალიაში 6 თვით ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, რომელიც როგორც მედია წერს, ავტომატურად გარდაიქმნება მუშაობის უფლებაშიც და სოფლის მეურნეობასა, თუ საოჯახო მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს მიეცემათ უფლება, ლეგალურად იცხოვრონ და იმუშავონ იტალიაში და ჰქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სისტემის შეღავათებზე. 

იტალიური მედიის, The Local-ის ცნობით, იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტერეზა ბელანოვამ, ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს იტირა. 

"დღეიდან უხილავები ნაკლებად უხილავები იქნებიან. დღეიდან სახელმწიფო იმარჯვებს, რადგან ის უფრო ძლიერია, ვიდრე დანაშაული და ექსპლუატაცია", - თქვა ბელანოვამ, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის კამპანიის მხარდამჭერია. 

კომენტარები