საარჩევნო შეთანხმება

ხაზარაძე: შეთანხმება უნდა შესრულდეს, თუ ჩავარდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

მამუკა ხაზარაძე
ლელო

მოძრაობა "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ნაწილს ბოიკოტს გამოუცხადებს, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება.

ხაზარაძის თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ შეთანმხება შეასრულოს, ვინაიდან ეს ქვეყნის რეპუტაციაზე, არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე აისახება.

"საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი რომ გამოუცხადოს საარჩევნო სისტემას იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგა, მთელი პასუხისმგებლობა გადადის ხელისუფლებაზე.

ოცნების სტილია, რომ გიყურებენ და გატყუებენ. მერამდენედ ნახა მსგავსი რამ ჩვენმა საზოგადოებამ, ყველა თემაში, პოლიტიკაში, ბიზნესთან დამოკიდებულებაში, ჩვენთან მიმართებაში. ტყუილებში არიან დაკარგულები, თავიანთ თავს უზარმაზარ ზიანს აყენებენ. დაკარგული აქვთ ნდობა არა მხოლოდ შიგნით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით", - თქვა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ის და ლელოს კიდევ ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ანდრეას კუბილიუსს ესაუბრნენ. როგორც ხაზარაძემ თქვა, ევროპარლამენატრმა მათ საუბარშიც გაიმეორა ის, რაც საჯაროდ არაერთხელ განაცხადა - თუ შეთანხმების ორივე ნაწილი არ შესრულდება, საქართველომ შესაძლოა ევროკავშირისგან 500-მილიონიანი დახმარება ვერ მიიღოს.

"დღეს კუბილიუსთან გვქონდა ზუმით საუბარი მე და ბადრი ჯაფარიძეს, იქ იყო საუბარი იმ დახმარებაზე, რომელიც ევროკავშირმა უნდა გამოიყოს საქართველოს. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელისუფლების გამო ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს, თუმცა, კუბილიუსი კატეგორიულად ითხოვს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას. კატეგორიულად მიდის საუბარი, რომ ეს შეთანხმება თუ ვერ შესრულდა, საქართველო ვერ მიიღებს დახმარებას", - თქვა ხაზარაძემ.

ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ანდრეას კუბილიუსმა 14 მაისს განაცხადა, რომ თუ ევროპა საქართველოს ხელისუფლების ნდობას დაკარგავს, ეს ფინანსურ დახმარებაზეც აისახება. ასევე, შესაძლოა, დაწესდეს სანქციებიც. კუბილიუსი 8 მარტის შეთანხმების აუცილებლად შესრულებას ითხოვს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია, მოიცავს რა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისას კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ამბობენ, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტში არც ერთი გვარი არაა ნახსენები.

ამას მალევე მოჰყვა განცხადებები საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან - 7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

ასევე 13 მაისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს. თუმცა, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

კომენტარები