კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: თუ ბოლნისში შემდეგ დღეებში 10 ან მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ზომებს გავამკაცრებთ

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბოლნისში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი კვლავ რჩება საყურადღებო ზონად და სპეციალისტები იქ მუშაობას აგრძელებენ.

"15 ახალი დაინფიცირებული, რა თქმა უნდა, ქვეყნის მასშტაბით დიდ გავლენას არ მოახდენს, თუმცა, ჩვენ კვლავ დავინახეთ, რომ ეს რეგიონი არის ძალიან საყურადღებო და შესაბამისად, აქტიური მუშაობა გრძელდება და ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ინტენსიურად გააგრძელებენ რეგიონის მოსახლეობის გამოკვლევას. ამ რეგიონში გვყავს გამოვლენილი კოვიდ ინფიცირებულები, რომლებიც არიან ძალიან საყურადღებოები, ეპიდსიტუაციის გავრცელებასთან მიმართებაში", - თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რეგიონი ახალი კორონავირუსისგან თავისუფალ ზონად ჩაითვალოს, ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან სულ მცირე 2 კვირა უნდა გავიდეს. ტიკარაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ რიგ რეგიონებში აკრძალვების დროზე ადრე გაუქმება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

"ბოლნისის რეგიონი დარჩება საყურადღებოდ და არის იმის მოლოდინი, რომ თუ შემდეგ დღეებშიც იქნა დაფიქსირებული 10 და 10-ზე მეტი პაციენტის რაოდენობა, ჩვენ ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ და დავტოვებთ იმ მდგომარეობას, რაც დღეს გვაქვს", - თქვა მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, ბოლნისში ახალი კორონავირუსით ინფიცირები 137 დადასტურებული შემთხვევაა. საქართველოში ჯამში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 667-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 383. 

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან კარანტინშია. 

კომენტარები