17 მაისი

მიტროპოლიტი ნიკოლოზი 17 მაისზე: ცისარტყელას ვერავის ვაჩუქებ, ცისარტყელა ჩემია

"ცისარტყელას ვერავის ვერ ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი", - ამბობს ახალქალაქის, კუმუდოსა და კარის ეპისკოპოსი ნიკოლზ ფაჩუაშვილი ტვ პირველთან 17 მაისზე საუბრისას.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ლბგტ აქტივისტები ითხოვენ, თემის სოლიდარობის ნიშნად, 17 მაისს თბილისის ანძა სწორედ ლგბტ დროშის - ცისარტყელის ფერებში განათდეს. მერიის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

"ცისარტყელის ფერები ლგბტ-მ რატომ უნდა მიითვისოს, გამაგებინეთ რა. რას ნიშნავს ლგბტ ფერები? ცისარტყელის ფერებია და ცისარტყელა გამოუჩინა ღმერთმა ნოეს, მშვიდობის ნიშნად, მშვიდობის ნიშანია ცისარტყელა. მე პირადად, ცისარტყელას ვერავის ვერ ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი", - ამბობს ეპისკოპოსი.

17 მაისი საპატრიარქოს "ოჯახის სიწმინდის დღედ" აქვს დაწესებული. პატრიარქმა ილია II-მ ეს გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადეს და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალეს.

მას შემდეგ, როგორც წესი, ამ დღეს საპატრიარქო მსვლელობებსა და კონცერტებს მართავს, რაც ლგბტ აქტივისტებს და უფლებადამცველებს 17 მაისის აღნიშვნისთვის საჯარო სივრცეებს უზღუდავს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღნიშნავენ "ოჯახის სიწმინდის დღეს" კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

ლგბტქ+ ადამიანები სიძულვილის ჯგუფების, ჰომოფობთა და ტრანსფობთა მხრიდან, ასევე სასულიერო პირებისგან მუდმივი ძალადობის სამიზნეები არიან. მათ არ ეძლევათ საშუალება, მშვიდად, ფიზიკური საფრთხის გარეშე აღნიშნონ 17 მაისი, ხელისუფლება კი მათ უფლებებს სათანადოდ არ იცავს.

კომენტარები