ბრიტანეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა 26%-ს დიაბეტი ჰქონდა

ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა 26%-ს დიაბეტი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ცენტრი (NHS) ავრცელებს. 

მათ 22 322 გარდაცვლილი პაციენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ დიაბეტის შემდეგ ყველაზე გავრცელებული თანმხლები დაავადება არის დემენცია (18%), სუნთქვის სერიოზული პრობლემები (15%), თირკმლის ქრონიკული დაავადება (14%), გულის იშემიური დაავადება (10%).

"ნათელია, რომ ადამიანებს, რომლებსაც დიაბეტი აქვთ, ახალი კორონავირუსით გარდაცვალების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან," - განაცხადა დიაბეტსა და ენდოკრინოლოგიაში NHS-ის წარმომადგენელმა, პართა კარმა.

მისივე თქმით, კორონავირუსსა და დიაბეტს შორის კავშირის გასარკვევად ამჟამად უფრო დეტალური ანალიზი მიმდინარეობს, თუმცა თავდაპირველი დასკვნებით, 40 წლამდე ასაკის ადამიანებში საფრთხე დაბალია.

გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის 233 ათასზე მეტი ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 33 000-ზე მეტი დაიღუპა.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქეს და შემდეგ დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, ბრიტანეთისთვის გაფრთხილებაა, რომ ძალიან სწრაფად არ იმოქმედოს.

კომენტარები