კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: ვიმედოვნებთ, რომ პირველი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს

რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი იმედს გამოთქვამს, რომ 1 ივნისიდან, კლინიკა კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლას შეწყვეტს და მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადავა. რატიანის თქმით, დაახლოებით 6-7 დღეა კლინიკას კოვიდინფიცირებული პაციენტი არ მიუღია. 

რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 47 პაციენტი მკურნალობს. მათგან კოვიდინფიცირებული 38 პაციენტია. მისი თქმით, კლინიკაში 1 მძიმე პაციენტი რჩება. 

"დღეს კლინიკიდან ეწერება 1 პაციენტი. ველოდებით რამდენიმე პასუხს და ალბათ, დღის მეორე ნახევარში დაემატება 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი. რეანიმაციაში რჩება ორი პაციენტი. ერთის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. გვყავს ორი ორსული ქალბატონი , როგორც ნაყოფის, ასევე მათი მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით პირველად პასუხებს ორსულ ქალბატონებთან", - ამბობს რატიანი. 

რატიანის თქმით, მედპერსონალს რომელიც 15 დღეა კარანტინში იმყოფება, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 

"დღეს მთავრდება 15 დღე მედპერსონალის, რომელმაც ბოლო 15 დღე გაატარა ჩვენს კლინიკაში, მკაცრი კარანტინის პირობებში. ჩატარებული ტესტირების შედეგად, არცერთ მათგანს, საბედნიეროდ, არ დაუდასტურდა ინფექცია. აქ შემოვიდა ახალი ბრიგადა. იმედი მაქვს, ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკისთვის ეს ბოლო იქნება და ვიმედოვნებ, პირველი ივნისიდან, რაც ძალიან მინდა, რომ კოვიდთან ბრძოლა ჩვენმა კლინიკამ შეწყვიტოს, გადავიდეთ ჩვეულ რეჟიმში და მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენტებს", - ამბობს რატიანი. 

საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 393. გარდაცვლილი - 12. 

კომენტარები